"ვერ წარმომიდგენია, როგორც ეკონომისტსა და როგორც განსაზღვრული გამოცდილების ადამიანს ამ სფეროში, როგორ შეიძლება ეროვნული ბანკი ლარის სიმყარეზე პასუხს არ აგებდეს. ეს არის თეორიულად არასწორი, პრაქტიკულად მცდარი და კონტრპროდუქტიული, რის შედეგებსაც წლების განმავლობაში ვიმკით"
ჯერ იყო "შოკუნიები", შემდეგ "ლარი ჯანსაღად იქცევა", მოგვიანებით დაპირება, რომ ეროვნული ვალუტა ისევ გამყარდება და წონასწორობის ნიშნულს დაუბრუნდება. ისიც კი მოვისმინეთ, რომ ლარი თურმე "თინეიჯერია" და შესაძლოა სხვა ვალუტებივით ფეხზე მყარად ჯერ ვერ დგას, მაგრამ დაპირება, რომხვალ თუ არა, ზეგ "ყველაფერი კარგად იქნება", ძალაში რჩება. ამ დაპირებამ რომ ვერ უშველა და ლარმა კრიტიკულ 3-ლარიან ნიშნულს მიაღწია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გასაყიდად 40 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც მხოლოდ 32,8 მლნ გაყიდა. სხვათა შორის, სავალუტო ინტერვენციამ უშველა და კურსი 2,97-დან 2,88-მდე გამყარდა. ექნება თუ არა ამ გამყარებას გრძელვადიანი ეფექტი, ექსპერტებს პროგნოზირება უჭირთ.
ელგუჯა მექვაბიშვილი, ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი: - მეც მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, ვინც ფიქრობდა, რომ ეროვნული ბანკი ინტერვენციას აგვიანებდა. პარალელიც კი გავავლე შორეულ 1998 წელთან, როცა ბაზარზე მსგავსი ვითარება იყო, როცა რუსეთში განვითარებულმა კრიზისმა ჩვენს სავალუტო ბაზარს დაარტყა და სებ-მა სასწრაფოდ დოლარის გაყიდვა გადაწყვიტა. ამის გამო სავალუტო რეზერვები ძალიან შემცირდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობდა.ეროვნული ბანკის განკარგულებაშია ძალიან ძლიერი მექანიზმები, ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებისა მას არ უნდა ეშინოდეს. გრძელვადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკზე ბევრი არაფერია დამოკიდებული, ეროვნული ვალუტის კურსზე საბოლოოდ ფუნდამენტური ფაქტორები აისახება, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში კურსის რყევის შესარბილებლად ეროვნულ ბანკს ქმედითი ინსტრუმენტები აქვს და მათ დროულად გამოყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუნდაც ბოლოდროინდელი მკვეთრი რყევების ასარიდებლად.
- თუ სებ-ს არ უნდა ეშინოდეს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების, მათ შორის სავალუტო ინტერვენციების გამოყენების, რატომ ფრთხილობს ასეთი ნაბიჯების გადადგმას?
- ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ეკონომიკური სტრუქტურაა, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დიდ ზეგავლენას განიცდის. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ სსფ-ს მეტად მტკივნეული დამოკიდებულება აქვს სავალუტო რეზერვების ხარჯვის მიმართ და მიაჩნია, რომ რადგან კურსი თავისუფალია, მცურავი, ამიტომ სებ-ი მაქსიმალურად უნდა მოერიდოს სავალუტო ინტერვენციებსა და დოლარის გაყიდვას. ეს განსაკუთრებული სიფრთხილის ერთი მიზეზია, მეორე კი ეროვნული ბანკის კონცეპტუალური მიდგომაა, რომ კურსი მცურავია და მასში ჩარევა, უკიდურესი გარემოების გარდა, საჭირო არ არის, ხოლო ორიენტირი არის ინფლაცია და არა ვალუტის კურსი. ჩემი აზრით, ამ ფაქტორების გამო არიდებს თავს სებ-ი დოლარის გამოტანასა და გაყიდვას, სანამ ბაზარზე ძალიან კრიტიკული ვითარება არ შეიქმნება.
- სხვათა შორის, ეროვნული ბანკი ხშირად იშველიებს არგუმენტს, რომ მისი მოვალეობა მხოლოდ ინფლაციის მართვაა და სულაც არ არის ვალდებული კურსზე ზეგავლენა მოახდინოს...
- ეს ცვლილება სებ-ის კანონში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს შევიდა. იმ დროს ინფლაციის ტარგეტირების საკითხმა წამოიწია. პირველად ეს ახალ ზელანდიაში გაკეთდა, ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის ტარგეტირება მოახდინა და შემდგომ ეს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში გამოიყენეს. ერთხანს ეს ახალი სიტყვა იყო მონეტარულ პოლიტიკაში. მერე გამოჩნდა, რომ მთლად ასეც არ არის და რომ ტარგეტირებას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. საქართველოში, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია იმპორტზე, ტარგეტირების მთავარ მაჩვენებლად გამოყენებამ, სწორედ ამ ვითარებამდე მიგვიყვანა. ეს მიდგომა ბევრ ქვეყანაში შეიცვალა და ვფიქრობ, ამის დრო ჩვენთანაც დადგა. სებ-ის საბჭოს მთავარი ამოცანა, რომლის წევრი მეც გახლდით, კურსის სტაბილურობა და აქედან გამომდინარე ინფლაციის დაბალი დონე იყო, რასაც, რა თქმა უნდა, თან ახლდა ფინანსური სექტორის სტაბილურობა. მე ვერ წარმომიდგენია, როგორც ეკონომისტსა და როგორც განსაზღვრული გამოცდილების ადამიანს ამ სფეროში, როგორ შეიძლება ეროვნული ბანკი ლარის სიმყარეზე პასუხს არ აგებდეს. ეს არის თეორიულად არასწორი, პრაქტიკულად მცდარი და კონტრპროდუქტიული, რის შედეგებსაც წლების განმავლობაში ვიმკით.
- მინდა გკითხოთ არა მხოლოდ როგორც ეკონომისტს, არამედ როგორც მომხმარებელს - თქვენი დაკვირვებით, ოფიციალური სტატისტიკა რამდენად ზუსტად ასახავს ფასების საერთო ზრდასთან დაკავშირებულ რეალობას?
- სტატისტიკა იყენებდა და ახლაც იყენებს იმ მეთოდოლოგიას, რომელიც მას მანიპულირების შესაძლებლობას აძლევს. ავიღოთ ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც თავისთავად სწორი მეთოდოლოგიით დაიანგარიშება, მაგრამ ის არ არის ზუსტი მაჩვენებელი თუნდაც საქართველოსთვის, რომელიც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი გამორჩეულია სოციალური პოლარიზებით. ამ მეთოდოლოგიით ინფლაციის გათვლა იმას ჰგავს, საავადმყოფოში პაციენტების საშუალო ტემპერატურა რომ დავადგინოთ. განა რას მოგვცემს ეს მაჩვენებელი? ინფლაციის შემთხვევაშიც ასეთივე პრობლემა გვაქვს. მაგალითად, პენსიონერებს დიდ დარტყმას აყენებს წამლებისა და კვების პროდუქტების ფასების ზრდა, მოქალაქეთა სხვა კატეგორიას - სამომხმარებლო ტექნიკისა და ფუფუნების საგნების გაძვირება. როცა სამომხმარებლო კალათა 400 დასახელების პროდუქტისგან შედგება და ამის მიხედვით ანგარიშობ ინფლაციის მაჩვენებელს, ვერასდროს დაადგენ, რა წნეხი აქვს ინფლაციას პენსიონერზე, უმუშევარსა თუ სოციალურად დაუცველზე, რადგან მათ მიერ მოხმარებული პროდუქტების ხვედრითი წილი იმ 400 პროდუქტში მცირდება. ამიტომ ინფლაცია უნდა დაიანგარიშონ მოსახლეობის სოციალური კატეგორიების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში დავინახავდით, რომ ლარის ბოლოდროინდელი რყევები ძალიან მტკივნეულად აისახა მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად კატეგორიაზე, შემდეგ საშუალო ფენასა და ყველაზე ნაკლებად მათზე, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს (ან დოლარში აქვს). მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა კი ჩვენი მოსახლეობის მხოლოდ 3-5%-ია - ანუ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ლარის გაუფასურება მძიმე ტვირთად დააწვა. აღარაფერს ვამბობ მათზე, ვისაც ვალდებულებები აქვთ დოლარში და არა მხოლოდ სესხები, როგორც ჩემს შემთხვევაში, არამედ, მაგალითად, ქირა ან იჯარა.
- სწორედ ლარის გაუფასურების რისკებისგან დასაცავად თავის დროზე ხელისუფლებამ გალარების პროგრამა შესთავაზა მოსახლეობას, რატომ არ გაალარეთ თქვენი სესხი?
- ძალიანაც მინდოდა ლარში სესხის აღება, მაგრამ მითხრეს, რომ 60 წელს გადაცილებული ვარ და რადგან ჩემთან დაკავშირებით გრძელვადიან პროგნოზს ვერ გააკეთებდნენ, იძულებული გავხდი, სესხი დოლარში ამეღო. ვფიქრობ, ბევრია ჩემსავით, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს. სესხის გალარებას რაც შეეხება, ყველა ბანკზე ვერ განვაზოგადებ, მაგრამ ჩემს მაგალითზე გეტყვით: იმდენად არახელსაყრელი პირობები შემომთავაზეს იმ კონკრეტული მომენტისთვის, რომ უარი ვთქვი სესხის ლარში გადაყვანაზე. ეკონომისტი კი ვარ, მაგრამ ვანგა ხომ არა ვარ, რას წარმოვიდგენდი, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდებოდა და ეს ქვეყანას არევდა. კი ვიცოდი, რომ არამყარ სიტუაციაში ვიყავი დოლარში აღებული სესხით, მაგრამ ლარის ასეთ გაუფასურებას ვერ წარმოვიდგენდი.
- ბოლო წლებში ლარის გაუფასურების დინამიკას თუ შევხედავთ, ეროვნულმა ვალუტამ დოლარის მიმართ გაუფასურება 2015 წლიდან დაიწყო, როცა 2-ლარიან ნიშნულს გადააბიჯა და ვარდნა მომდევნო წლებშიც განაგრძო. რით ხსნით გაუფასურებას ამ ხელისუფლების მმართველობისას და არის თუ არა ამის მიზეზი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა?
- ვფიქრობ, წინა ხელისუფლებას, თავისი ხასიათიდან, თუნდაც ეფექტიანობიდან გამომდინარე, შეეძლო უფრო მეტად ემოქმედა ლარის კურსზე. მართალია, ვამბობთ, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანოა, მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ ის ხელისუფლების განსაზღვრულ ზემოქმედებას განიცდის. ამიტომ, ვფიქრობ, წინა ხელისუფლების დროს, ძირითადად, მაინც სებ-ის პოლიტიკის მეშვეობით ხდებოდა კურსის შენარჩუნება. კარგი იყო ეს თუ ცუდი, ერთმნიშვნელოვნად თქმა ძნელია. კარგი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მეტი სტაბილურობა გვქონდა, და ცუდი იყო იმიტომ, რომ კურსის სტაბილურობას ეკონომიკური ფაქტორები კი არ განსაზღვრავდა, არამედ პოლიტიკური და ძალისმიერი ფაქტორი.ისეთ პატარა და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, პოლიტიკური ზეგავლენითა და მანიპულაციებით უფრო შესაძლებელია ეროვნული ვალუტის სიმყარის შენარჩუნება, ვიდრე კლასიკური საბაზრო ეკონომიკის დიდ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლების შტოები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არიან და ერთმანეთს აკონტროლებენ. სწორედ ასეთი მანიპულაცია იყო, როცა პრემიერმა ბახტაძემ თქვა, ლარი ზედმეტად გაუფასურებულიაო და ეროვნულ ბანკს შეახსენა, იქნებ ინტერვენციაა საჭიროო. შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ.
- კერძო სექტორის მანიპულაციებს თუ შეუძლია კურსზე გავლენის მოხდენა? მაგალითად, როცა შარშან ზაფხულში რამდენიმე დღეში ლარი 18 თეთრით გაუფასურდა, საჯაროდ მიზეზები არ განუმარტავთ, თუ არ ჩავთვლით ხელისუფლების განცხადებებს ლარის ჯანსაღი ქცევის შესახებ. თუმცა ბიზნესმენებს დახურულ შეხვედრაზე განუმარტეს, რომ მიზეზი ბანკებსა და ნავთობკომპანიებს შორის დადებული ფორვარდული გარიგებები იყო. ასეთი გარიგების არსი ის არის, რომ იმპორტიორს, რომელიც გადასახდელი ვალუტის კურსის გაზრდას ვარაუდობს, შეუძლია წინასწარ მიმართოს ბანკს და მისგან ეს ვალუტა წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით იყიდოს.
- როცა ლარის კურსი ყალიბდება სრულიად ბუნდოვან "ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე და როცა სებ-ი არატრანსპარენტული სტრუქტურაა, რომლისგანაც ინფორმაციის მიღება მეტად რთულია, არ არის გამორიცხული, ამგვარი ოპერაციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს ლარის კურსზე. სხვათა შორის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ურჩია ეროვნულ ბანკს, მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს საზოგადოებასთან. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ლარის კურსის პერმანენტული რყევა არა უკანონო, მაგრამ ეკონომიკისთვის დამაზარალებელი გარიგებების შედეგი შეიძლება იყოს. თუმცა მხოლოდ კერძო გარიგებებისთვის ამის გადაბრალება არასწორი იქნება. მიზეზთა მთელი კომპლექსია, რამაც შესაძლოა ლარის კურსზე გავლენა მოახდინოს.
- ზემოთ ბრძანეთ, რომ ეროვნული ბანკი მხოლოდ უკიდურესად კრიზისულ ვითარებაში ჩაერია 40-მილიონიანი ინტერვენციით. ფიქრობთ, რომ ლარის კრიზისი გადავლილია?
- პროფესიონალი ეკონომისტი პროგნოზებს მაქსიმალურად უნდა მოერიდოს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდი, როგორც წესი, რთული პერიოდია ლარისთვის - მისი სეზონური გაუფასურება ხდება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ხელისუფლების არაერთი განცხადება, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურდა, ვიდრე ამის წინა პირობას ფუნდამენტური ფაქტორები ქმნიდა. ვფიქრობ, თუ მნიშვნელოვანი ძვრები არ მოხდა და მეტ-ნაკლებად სტაბილურობა შენარჩუნდება, ლარის კურსი 2,8-2,9-ის ფარგლებში იმოძრავებს.
„კვირის პალიტრა“