გამოსავალი რეგულაციების შემცირებასა და გადასახადების დაწევაშია და არა ბიზნესის მიმართ ზეწოლაში, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნოდარ ხადურის განცხადებას, თითქოს, ფასების ზრდა შესაძლოა, საქართველოში ბიზნესის წარმომადგენელთა მხრიდან კანონდარღვევებს უკავშირდებოდეს.
ჭიაბერაშვილის თქმით, ფასების ზრდა, რაც მძიმედ აწვება უამრავი ოჯახის ჯიბეს, „ქართული ოცნების” მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯების შედეგია.
„საწვავსა და თამბაქოზე აქციზის გაზრდა და საბანკო რეგულაციები ის კონკრეტული მაგალითებია, რამაც დაასუსტა ეკონომიკა, დაასუსტა ლარი და განაპირობა ფასების ზრდა სურსათზე, მედიკამენტებსა და კომუნალურ გადასახადებზე. 2019 წლის ივლისში, 2018 წლის ივლისთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასები 7.9%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ერთი წლის განმავლობაში გაძვირდა: 11.22%-ით ანტიბიოტიკები, 6.29%-ით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები, 5.64%-ით ვიტამინები, 4.87%-ით ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, 3.1%-ით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები. ეს იმ პირობებში, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ახერხებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩადებული თანხების ადეკვატურ ათვისებას და ათიათასობით მოქალაქისთვის მედიკამენტების გაძვირებით გამოწვეული სიდუხჭირის შემსუბუქებას“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილის თქმით, გაზისა და დენის ტარიფების მოსალოდნელი ზრდა ასევე დაამძიმებს არსებულ სოციალურ ფონს. გამოსავლად კი ფრაქცია „ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას ასახელებს.
„გამოსავალია „ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც რეგულაციების და გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტო ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით კომპანიებისა და ასოციაციების მხრიდან, ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა და ბიზნესასოციაციების, დისტრიბუტორებისა და ბიზნეს სუბიექტებისგან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა.