"ხელისუფლებას, სამოქმედო გეგმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სერიოზული არგუმენტებიც კი არ აქვს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით"

ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი სპეკულაციური ფაქტორია, რაც საკმაოდ ნათლად, პირველ რიგში, ბანკების მოგებაზე აისახება და მეორე - თვითონ მთავრობის შიგნით არასტაბილური განწყობა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა და მოძრაობა „ტრიბუნას “ დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ ლარის გაუფასურებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ლარის კურსის ირგლივ განვითარებულმა მოვლენებმა მთავრობის შიგნით სისუსტე და არასტაბილური განწყობა დაგვანახა.

„ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი სპეკულაციური ფაქტორია, რაც საკმაოდ ნათლად, პირველ რიგში, ბანკების მოგებაზე აისახება და მეორე - თვითონ მთავრობის შიგნით არასტაბილური განწყობა. ამ მოვლენებმა სწორედ მთავრობის სისუსტე დაგვანახა და ის, რომ ისინი ერთმანეთს აღარ ენდობიან. არ იციან ვის სად, ან როდის წაუცდება ფეხი და არც ის არის გამორიცხული, ზოგი გაქცევასაც ფიქრობდეს. ფაქტი ერთია, ამ ხელისუფლების ხელში დოლარი პრაქტიკულად გაორმაგდა. ჩვენს ხელისუფლებას კი, სამოქმედო გეგმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სერიოზული არგუმენტებიც კი არ აქვს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. სახელდება: ტურისტების კლება, გარე შოკი, გარე ფაქტორი... მოკლედ, თავად არასოდეს არ არიან დამნაშავეები და ფინალში გამოდის ისიც კი, რომ დამნაშავე თვითონ ლარია. არადა, არც ტურისტების მატებას და არც კლებას, ამ ქვეყანაში, რეალური კავშირი არასოდეს ჰქონია ლარის კურსის ცვალებადობასთან. ეს არის ელემენტარული უცოდინრობა, რადგან ლარი გაუფასურებულა მაშინაც კი, როდესაც რუსეთიდანაც ყოფილა ტურისტების დიდი მოძალება. ამიტომ, არა მგონია, ამ ფაქტორების დასახელება სიმშვიდეს იწვევდეს მოსახლეობაში, უფრო პირიქით.“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.