ჯანდაცვის სამინისტრო „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციას და რკინიგზელთა ახალ პროფესიულ კავშირს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციასა და საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ყველა ძალისხმევას მიმართონ, რათა მოლაპარაკებების რეჟიმში გადავიდნენ, განიხილონ არსებული პრობლემები და ორივე მხარის ინტერესის მაქსიმალური გათვალისწინებით, მიაღწიონ შეთანხმებას.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, 2019 წლის 9 ივლისს საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ვიტალი გიორგაძემ მიმართა როგორც მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, ისე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეს კოლექტიური შრომითი დავების გადაწყვეტის მიზნით, შემათანხმებელი პროცედურების (მედიაციის) დაწყების თაობაზე.

„საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, არსებული კოლექტიური შრომითი დავის რეგულირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მედიატორთა რეესტრიდან შეირჩა და დაინიშნა მედიატორი, რის შესახებაც ეცნობათ კოლექტიური შრომითი დავის მხარეებს.

კოლექტიური დავის ფარგლებში მედიატორმა გამართა ინდივიდუალური შეხვედრა საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლებთან. მედიატორი ასევე დაუკავშირდა სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციას შემათანხმებელ პროცედურებში უფლებამოსილი პირის ჩართვის მიზნით.

მიუხედავად მედიატორის არაერთგზის მცდელობისა, რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მედიატორს შორის შეხვედრა არ შედგა. შედეგად, მედიაციის პროცესი შეწყდა.

მხარეების თანხმობისა და მომართვის შემთხვევაში სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავ ჩაერთოს ზემოაღნიშნულ პროცესში და უზრუნველყოს შემათანხმებელ პროცედურებში მედიატორის მონაწილეობა,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. საუბარია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მიერ დასაქმებულ 60 ადამიანზე. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ლეჟავამ განუცხადა, დასაქმებულები უსაფრთხოების ნორმების არარსებობაზე, შვებულებისა და ანაზღაურების არმიცემაზე საუბრობენ.