ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ბიზნესისგან განმარტებების გამოთხოვის თაობაზე ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციისა და ნავთობიმპორტიორთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან კომპანიებისგან განმარტებების გამოთხოვის შესახებ საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს.
მათთვის გაუგებარია კონკურენციის სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადება ფასების შეთანხმებულ მატებასა და ბიზნესებს შორის ე.წ გარიგების შესახებ.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს განცხადებამ ბიზნესში გაუგებრობა გამოიწვია. მისივე ინფორმაციით კონკურენციის სააგენტოს მხრიდან არ იგეგმება მოკვლევის დაწყება.
„ყველა კომპანია დამოუკიდებელია საკუთარი საფასო სტრატეგიის შერჩევაში და ბაზარზე არსებული სიტუაციის და კონკურენციის გათვალისწინებით თავად ახდენს სამომხმარებლო ფასის ფორმირებას. კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია განმარტების მიღება ასოციაციების მხრიდან და არა მოკვლევის დაწყება ამ საკითხზე, თუმცა განცხადებამ რიგ კომპანიებში გაუგებრობა გამოიწვია. სასურველია, რომ მსგავსი შემთხვევის დროს ბიზნესასოციაციებთან კომუნიკაციის ფორმა სწორად იყოს შერჩეული, რათა ამან არ გამოიწვიოს ბუნდოვანება. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კონკურენციის სააგენტოსთან და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით კონკურენციის სააგენტოს მხრიდან არ იგეგმება მოკვლევის დაწყება“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.