საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიის 13 დაწესებულებას ამოწმებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიის დაქვემდებარებულ 13 ორგანიზაციაშია შესული.

როგორც  საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, გამომძიებლები შესულები არიან "ჰერმესში", სპორტის სასახლეში, გლდანის საცურაო აუზში, "ლოგოსში" და სხვა შპს-ებში. შემოწმება თბილისის მერის მოთხოვნით მიმდინარეობს.

"ჩვენი წარმომადგენლები შესულები არიან თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ 13 შპს-ში. შესვლა მოხდა თბილისის მერიის მოთხოვნით. მერიამ ამ შპს-ებში შიდა რევიზია ჩაატარა და სავარაუდო დარღვევები აღმოაჩინა, რის შემდეგაც ამ ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობის შესასწავლად ჩვენ მოგვმართა", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

აღნიშნულ ორგანიზაციებში შემოწმება 2 დღის წინ დაიწყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

"მე მივმართე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რათა დაეწყო მერიის დაქვემდებარებაში მყოფი იმ ორგანიზაციების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ შემოწმებულა და სადაც არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს დარღვევებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების თვალსაზრისით, გაუაზრებლად მაღალ ხარჯებს და შესაბამისად, თბილისის მერიის კუთვნილი შემოსავლების ხელოვნურად შემცირებას," - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ცალკეული ორგანიზაციების პირველადი დოკუმენტაციის ნახვის შემდეგ დასტურდება, რომ გაუაზრებლად მაღალი შრომის ანაზღაურება და პრემიები გაიცემოდა. მათ შორის, იმ ადამიანებზეც, რომლებიც, პრაქტიკულად, აღარ მუშაობდნენ ამ ორგანიზაციებში, არამიზნობრივი ხარჯების გაწევა ხდებოდა.