169 პირის გაფლანგული და 12 მლნ-მდე დაუბრუნებელი თანხა -„მიკროკრედიტის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებენ

სს „მიკროკრედიტის“ მიმართ სისხლის სამართლის საქმე იწარმოება. სწორედ ეს გახდა ორგანიზაციის მიმართ დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის მიზეზი. ამის შესახებ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა. განჩინების თანახმად, ამ თხოვნით მათ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა 14 ივნისს მიმართა.

გამომძიებლის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სს „მიკროკრედიტის“ ხელმძღვანელ პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე. ასევე მისი განმარტებით, ზემოხსენებული საქმიდან ცალკე წარმოებად იქნა გამოყოფილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის დიდი ოდენობით გაფლანგვის, ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე. ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად 169 პირია ცნობილი.

„გამოძიებით დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით სს „მიკროკრედიტს“ ჰყავს 115 თამასუქის შემძენი პირი, რომელთათვის დასაბრუნებელი აქვს თანხა 11 748 417 ლარის ოდენობით. თუმცა იმის გამო, რომ ორგანიზაციას აქვს ფინანსური პრობლემები, იგი თამასუქის შემძენ პირებს მათ კუთვნილ თანხას ვერ უბრუნებს. შესაბამისად, თუ ჩატარებული გამოძიებით დადგინდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი, საქმეზე მოხდება ზემოხსენებულ პირთა დაზარალებულად ცნობა.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სს „მიკროკრედიტს“ საკუთრებაში გააჩნია 27 ერთეული უძრავი ქონება, საიდანაც მხოლოდ ოთხი მდებარეობს ქალაქ თბილისში, ხოლო დანარჩენი ქონება მდებარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და არსებული ინფორმაციით, მათი საბაზრო ღირებულება არის მცირე.

ამასთან, სს „მიკროკრედიტს“ აქვს პრობლემური საკრედიტო პორტფელი, საიდანაც სესხების უმეტესობა არის ვადაგადაცილებული, ამასთან, არაუზრუნველყოფილია, ან უზრუნველყოფის საშუალების ღირებულება არის შედარებით მცირე, ვიდრე გაცემული სესხის ოდენობა.

განმცხადებელი განმარტავს, რომ ვინაიდან საქმეზე დღეის მდგომარეობით აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რათა მოხდეს იმის დადგენა, თუ ვის მიერ არის ჩადენილი ზემოხსენებული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები, ასევე დადგინდეს იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა წრე, რომელთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც უნდა განხორციელდეს, ზემოხსენებულ საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე შეწყდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განჩინებით სს „მიკროკრედიტის“ მიმართ დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება,“-აღნიშნულია განჩინებაში.

თაია არდოტელი