საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომაზე დამატებითი ღირებულების გადასახადის რეფორმაზე იმსჯელეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დამატებითი ღირებულების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი განიხილეს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი.

„სხდომაზე განხილული იქნა, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილში, საგადასახადო კანონმდებლობის ევროსაბჭოს 2006 წლის 28 ნოემბრის დღგ-ის 2006/112/EC დირექტივასთან დაახლოების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ავტორობით შემუშავებული, დღგ-ს რეფორმასთან დაკავშირებული (ე.წ. „ახალი დღგ“, იხ.ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4602816?publication=0 ) საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლის ამოქმედებაც იგეგმება 2020 წლის 1 იანვრიდან.

სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო-საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა ვრცელი პრეზენტაცია, რის შემდგომაც წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დაგეგმილი რეფორმის ირგვლივ გამოეთქვათ მოსაზრებები და დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. დისკუსიის დროს გამოიკვეთა ის ტერმინები და ახალი რეგულაციები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცია და მოითხოვს დამატებით დაზუსტებებს. ასევე, აღინიშნა, რომ ახალი რეგულაციები კომპანიებისა და შესაბამისის ადმინისტრაციული ორგანოებისგან იმპლემენტაციისთვის მოითხოვს მნიშვნელოვან ძალისხმევასა და დროს. შესაბამისად, არ გამოირიცხა ახალი კანონმდებლობის ამოქმედების ვადების გადახედვაც,”-აღნიშნავენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

ამასთან, საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზემოაღნიშნულ პროექტთან მიმართებაში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი წევრი კომპანიების შეჯერებულ მოსაზრებებს და წინადადებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს აგვისტოს ბოლომდე მიაწვდის, რის შემდეგაც, სექტემბრის პირველ ნახევარში სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება მსჯელობა.