"მართვის მოწმობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაცია კარგია, მაგრამ, რაც ჩვენთანაა, არის დანაშაული"

პარტია „თავისუფალი საქართველო" მართვის მოწმობის მსურველთა ელექტრონული რეგისტრაციის სერვისში არსებულ პრობლემებს აპროტესტებს.

პარტიის თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან გამართულ ბრიფინგზე ელექტრონულ რეგისტრაციაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ელექტრონული რეგისტრაციის პირობებში მომხმარებლები ჩაბარების ადგილს ვერ არჩევენ და მათ სხვა ქალაქში უწევთ გამოცდის ჩაბარება.

„ელექტრონული რეგისტრაცია კარგია, მაგრამ, რაც ჩვენთანაა, არის დანაშაული. მოქალაქეს რეგისტრაციის ადგილის შერჩევა არ შეუძლია და თუ ცხოვრობს ქუთაისში, მას შეიძლება გამოცდის ჩაბარება ზუგდიდში მოუწიოს, რაც არასწორია. ადამიანებს დამატებით ხარჯებს უწესებენ. ამით თუ შიდა ტურიზმის განვითარებას ცდილობენ, ძალიან შემცდარან. გიორგი გახარიას ნახევარი საქართველო 20 ივნისის გამო აგინებდა, დანარჩენი ნახევარი ამის გამო აგინებს. ეს არის ადამიანების ინტერესების უგულებელყოფა და ხელისუფლება არ უნდა აიძულებდეს ადამიანებს დამატებით ხარჯები გაიღონ", - განაცხადა გოგი წულაიამ.

მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით გაბელაშვილის განმარტებით, არასწორია, თითქოს ელექტრონული რეგისტრაციის დროს კომპიუტერი არჩევს ადგილს. მისი განმარტებით, სერვისი მაისში ამოქმედდა და გათვლილია მომხმარებელთა გაზრდილ ნაკადზე. მისი თქმით, მოქალაქეს თავად შეუძლია ადგილის შერჩევა, იმ შემთხვევაში თუ ლიმიტი შევსებულია, თავად აარჩევს სხვა ადგილს. მისივე განმარტებით, ელექტონული სერვისი გაცილებით ხელსაყრელია და მოქალაქემ ზუსტად იცის, მისი გამოცდა როდის არის ჩანიშნული.