მამუკა მდინარაძე ლარის კურსზე - ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს სწორად და ალბათ, ასეთი მოლოდინიც უნდა გვქონდეს

მე მგონია, რომ რაიმე ისეთ მოლოდინს თუ დავნერგავთ, რომელიც იქნება არასწორი, ეს უარყოფითად იმოქმედებს, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ლარის კურსის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის მოლოდინები. ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ რაიმე ისეთი ძვრები ეკონომიკაში არ ყოფილა, რაც ლარის კურსზე იმოქმედებდა.

„იყო გარკვეული ტენდენცია დასტაბილურებისკენ. არასწორი მოლოდინები არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ლარის კურსის. არის ეკონომიკური პარამეტრები, რომელთან დაკავშირებითაც პრობლემები არ არის და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ვინაიდან მაკროეკონომიკურ პარამეტრებში ჩვენ პრობლემები არ გვაქვს, არ ყოფილა რაიმე ისეთი ცვლილება ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებით, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა, ასევე არ ყოფილა რაიმე ძვრები ეკონომიკაში, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა. ახლა ჯერი არის ეროვნულ ბანკზე. მან უნდა დაალაგოს სწორი პოლიტიკა ამ მიმართულებით, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს ლარის სტაბილურობა. მე მგონია, რომ რაიმე ისეთ მოლოდინს თუ დავნერგავთ, რომელიც იქნება არასწორი, ეს უარყოფითად იმოქმედებს. ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს სწორად და ალბათ, ასეთი მოლოდინიც უნდა გვქონდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.