ტურიზმის მიერ გამოქვეყნებულმა შედეგებმა რა გვაჩვენა?! ფაქტობრივად ჩვენი ტურისტების რაოდენობა წელს არის იგივე, რაც იყო შარშან, - ამის შესახებ პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემების შეფასებისას განუცხადა. მედიამ პრემიერს ჰკითხა, რატომ მოიტყუა, როდესაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ტურისტების შემცირება დაასახელა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ტყუილი არის ის, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მყოფი ადამიანები ცდილობენ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ.
„ჩვენ გვქონდა ივნისში 20%-იანი ზრდა, ივნისამდე პერიოდი რომ ავიღოთ, მათ შორის აჭარაში დაფიქსირდა 40%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კურსის განსაზღვრაში ძირითადად მოქმედებს ორი ფაქტორი. პირველი არის ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური ფაქტორები და მეორე - მოლოდინები. მოლოდინები შეიქმნა ძალიან ნეგატიური, იმის ფონზე, რაც მოხდა, მათ შორის ამ უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ, რომლებიც მსგავს ტყუილებს ამბობენ მათ შორის. ამ ადამიანებში მე ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს და მათ მიერ კონტროლირებად მედიას. მოლოდინები სამწუხაროდ შეიქმნა ნეგატიური, მათ შორის ნეგატიური მოლოდინი იყო, რომ შეიძლება ეკონომიკური ვაჭრობაც შეზღუდულიყო და შესაბამისად, ამას გამოეწვია უფრო მეტი პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის და ტურიზმის მიერ გამოქვეყნებულმა შედეგებმა რა გვაჩვენა?! ფაქტობრივად ჩვენი ტურისტების რაოდენობა წელს არის იგივე, რაც იყო შარშან და ის მოლოდინი, რაც ჰქონდა ეკონომიკას, მათ შორის ჩვენს ბიზნესს, რომ ასეთი სწრაფი ტემპებით გავზრდიდით ჩვენ ტურისტების რაოდენობას, როგორც იყო დაგეგმილი არ გამართლდა“, - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები ცხადყოფს, რომ მთავრობის პოლიტიკა ტურიზმის მიმართულებით სწორი იყო.
„მე დარწმუნებული ვარ ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორს განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც მას ჰქონდა, სწორედ ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად. ეს ციფრები ადასტურებს ერთ რაღაცას, რომ ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკა იყო სწორი, მიზანმიმართული და მას მოჰქონდა კონკრეტული დადებითი ეკონომიკური შედეგი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა ბახტაძემ.