საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის დ.მ.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 4 818.23 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (65.58 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4 818.23 ლარის ოდენობით შეეფარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.