დავით ნარმანიამ "სითი პარკის" მიერ წარმოდგენილ პროგრამას პიარულად კარგად შეფუთული უწოდა

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, კომპანია "სითი პარკის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ კომპანიის მიერ წარმოდგენილ პროგრამას "პიარულად კარგად შეფუთული" უწოდა.

მერიაში მიმდინარე შეხვედრაზე "სითი პარკის" საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია კომპანიის პიარ-მენეჯერმა გამართა, რის გამოც დავით ნარმანიამ უკმაყოფილება გამოთქვა.

"ჩვენ მივიღეთ პიარულად კარგად შეფუთული ინფორმაცია, მაგრამ ველოდით სხვას - რა ინვესტიცია ჩადეთ, რა შედეგი მიიღეთ. უფრო მეტი დეტალიზაციაა საჭირო. როცა ქალაქის მერთან მომსახურე კომპანია შეხვედრაზე მოდის, ელემენტარული ზრდილობაა, რომ ხელმძღვანელობამ გამართოს პრეზენტაცია", - მიმართა ნარმანიამ კომპანიის ხელმძღვანელობას.

შეხვედრა მერიაში ამ დროისთვის კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის მთავრობის წევრთა შეკითხვებს ამჯერად თავად კომპანიის ხელმძღვანელი პასუხობს. შეხვედრას საკრებულოს რამდენიმე წევრი და სხვადასხვა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ესწრება.