უნგრელი მასწავლებლები პროტესტის ნიშნად სოციალურ ქსელში საკუთარი სამუშაო გამოცდილებისა და ანაზღაურების ფოტოებს ავრცელებენ

უნგრელმა მასწავლებლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით პროტესტის ახალ ფორმას მიაგნეს. ისინი სოციალურ ქსელ Instagram-ში საკუთარი განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და ანაზღაურების ფოტოებს ავრცელებენ.

უნგრელი მასწავლებელები აცხადებენ, რომ მათი ყოველთვიური ანაზღაურება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე გაცილებით დაბალია. ამასთანავე, ძალიან დიდია განსხვავება საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურებას შორის.

დღესდღეობით საჯარო სკოლაში დასაქმებული მასწავლებლები საშუალოდ თვეში 500€-ს გამოიმუშავებენ, რაც დასაქმებულთა უკმაყოფილებას იწვევს.

ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით მიმდინარე წლის დასაწყისში უნგრელი მასწავლებლები საპროტესტო აქციებს მართავდნენ. ხელისუფლება მათ ხელფასების ზრდას დაჰპირდა, თუმცა ჯერჯერობით ცვლილება არ მომხდარა.

დაბალი ანაზღაურების გამო კი სულ უფრო ნაკლებ ახალგაზრდას უჩნდება მასწავლებლის პროფესიის არჩევის სურვილი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უნგრეთში ყოველ წელს დაახლოებით 5 000 მასწავლებელი გადის პენსიაზე, ამავდროულად კი 3 000-მდე ახალგაზრდა იწყებს ამ მიმართულებით მუშაობას.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა