"ადგილობრივი პროდუქციის ფასის ზრდა მოთხოვნის გაზრდითა და პროდუქციის დეფიციტითაა განპირობებული და არა ლარის გაუფასურებით"

ფასის ზრდა შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ლარის კურსზე დამოკიდებულება ნაკლებია, ადგილობრივი პროდუქციის ფასის ზრდა ძირითადად მოთხოვნის გაზრდითა და პროდუქციის დეფიციტითაა განპირობებული და არა ლარის გაუფასურებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, ლარის გაუფასურების ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასებზე გავლენის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაძვირებას მოთხოვნის ზრდა განაპირობებს და ლარის გაუფასურება ნაკლებად მოქმედებს.

„ბადრიჯანი, რომელიც იწარმოება ლაგოდეხში, თუნდაც ქართლში და მის წარმოებაზე ხარჯი ლარშია გაწეული, არ შეიძლება, რომ კურსის გამო ძვირდებოდეს. გვეზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, იზრდება პროდუქტზე მოთხოვნა და ვერ მისდევს მოთხოვნას წარმოება“, - აცხადებს ხანიშვილი.

მისივე თქმით, აგროსექტორში 2 მილიარდ ლარზე მეტია ინვესტირებული და მთავრობა აქტიურად ცდილობს ადგილობრივი წარმოების წახალისებას, რათა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება.

„საქართველოს მთავრობის გატარებული ღონისძიებების ფარგლებში მკვეთრად შევამცირეთ იმპორტზე დამოკიდებულება. შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საერთოდ არ გაზრდილა სასურსათო პროდუქტის იმპორტის მოცულობა. იმ დროს, როდესაც საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა თითქმის 70-80%-ით 2012 წელთან შედარებით. სწორედ ეს არის ნიშანი, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია არის უფრო ნაკლებად დამოკიდებული ლარის კურსზე,"- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მისივე თქმით, გამოსავალი ისაა, რომ ადგილობრივად რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ, რაც ლარის ასეთი გაცვლითი კურსის პირობებში გაზრდის საექსპორტო პოტენციალს.

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარე წელს გვაქვს ძალიან კარგი სტარტი ატმის მოსავალთან დაკავშირებით, უკვე 10 000 ტონაზე მეტი ატამია გასული, ასევე სხვა პროდუქციის მიმართულებითაც მოსალოდნელია გაზრდა, შესაბამისად, ლარის მერყეობა ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე ნაკლებად აისახება.