ფაროსანასთან დაკავშირებით ბრწყინვალე შედეგები გვაქვს. მიმდინარე წელს ველოდებით თხილის ძალიან კარგ მოსავალს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განუცხადა.
ხანიშვილის თქმით, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანა წარმატებითაა გადაწყვეტილი და წელს თხილის მოსავლის გაზრდაა მოსალოდნელი.
„როგორც საქართველოს მთავრობა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასული ორი-სამი წლის განმავლობაში ასაბუთებდა, რომ ეს პრობლემა ერთობლივად, მთავრობის და მოსახლეობის კოორდინაციის შედეგად იქნებოდა დაძლეული, დღეს უკვე სახეზე გვაქვს წარმატებული შედეგები. ფაროსანას პოპულაცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული, მიმდინარე წელს ველოდებით თხილის ძალიან კარგ მოსავალს. „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ფარგლებში დაახლოებით 15000-მდე ფერმერია აღრიცხული. ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს თხილის წარმოების მოცულობა 30-40 ათასი ტონის ფარგლებში იქნება და გასული წლის მაჩვენებელს გადააჭარბებს. რაც მთავარია, ეს თხილი, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იქნება ხარისხიანი“, - აცხადებს გიორგი ხანიშვილი.
მისივე თქმით, დადებითი შედეგების მიუხედავად მთავრობამ და მოსახლეობამ უნდა განაგრძონ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები.