უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელზე აქტიურად ვმუშაობთ და სავარაუდოდ, უკვე შემდეგი წლის შემოდგომაზე წარმოვადგენთ ახალ მოდელს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობისას, აქცენტი გაკეთდება უნივერსიტეტის შედეგებზე და სწავლის ხარისხზე, ისევე როგორც ეს საგამოცდო სისტემასთან მიმართებით ხდება.
მინისტრის განცხადებითვე, წელს უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით დაფინანსების მხრივ ცვლილება არ იგეგმება.
„წელს არაფერი იცვლება. რეფორმის შემდეგი ეტაპი არის ის, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად. ეს არის უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი, რომელიც შეეხება არა მარტო უფასო ფაკულტეტებს, ზოგადად როგორ შეიცვლება დაფინანსების მოდელი. აქ აქცენტი გაკეთდება უნივერსიტეტის შედეგებზე და სწავლის ხარისხზე. ეს მოდელი ფაქტობრივად, ბოლოში გვაქვს გაყვანილი და მცირედი დეტალებია დარჩენილი. ამ მიმართულებითაც გვქონდა ძალიან ბევრი კონსულტაცია, დამუშავებული გვაქვს ასევე ფინანსური მოდელები, იმიტომ, რომ ჩვენ უნივერსიტეტებს რისკი არ შეექმნათ ფინანსებთან დაკავშირებით. ამიტომ მოგვიწევს გარკვეული დეტალების ბოლომდე მიყვანა და სავარაუდოდ, შემოდგომაზე წარმოვადგენთ ახალ მოდელს. როგორც ვთქვით, იქაც ძირითადი აქცენტი, როგორც საგამოცდო სისტემაში, გაკეთდება სწავლის ხარისზე, უნივერსიტეტის შედეგებზე სწავლის ხარისხი იქნება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი“, - აღნიშნა მინისტრმა.