რატომ არ არის ეფექტური  მშენებლობის უსაფრთხოების რეფორმა საქართველოში

მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 2017 წლიდან აქტიურად ხორციელდება რეფორმები, რამაც თბილისის ტერიტორიაზე 10-ჯერ გაზრდილი ჯარიმები და მშენებლობის დაუყოვნებელი შეჩერება დააკანონა. ამავდროულად ამოქმედდა შრომის ინსპექცია, რომელიც მათ შორის სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებას ამოწმებს.

ამ ე.წ. რეფორმის ძირითადი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ კანონმდებელმა არ გამიჯნა თბილისის მუნიციპალური ინსპექციისა და შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები და დღეის მდგომარეობით, ორივე ორგანო უფლებამოსილია შევიდეს ამა თუ იმ სამშენებლო ობიექტზე და ერთი და იგივე დარღვევისთვის დააჯარიმონ სუბიექტი ორი სხვადასხვა კანონის ორი სხვადასხვა მუხლით, რაც ისედაც სამართლებრივ ქაოსში არსებულ სამშენებლო სექტორს კიდევ უფრო ბუნდოვან პერსპექტივას სძენს.

მაგალითად, თუ სამშენებლო ობიექტზე არაა მოწყობილი მოაჯირები საქართველოს მთავრობის 477 დადგენილების შესაბამისად, ეს წარმოადგენს მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რაზეც მერია იყენებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსს“ და დამრღვევს აჯარიმებს 30 000 ლარით, ასევე, აჩერებს მშენებლობას.

თუ იგივე დარღვევას აღმოაჩენს შრომის ინსპექცია იგი ვალდებულია საქმის წარმოება დაიწყოს საქართველოს ორგანული კანონით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ 22-ე მუხლით, რომლის შესაბამისადაც საქართველოს მთავრობის რეგლამენტების დარღვევა (აქ იგულისხმება ზემოთ ნახსენები 477 დადგენილება) პირველ ეტაპზე იწვევს გაფრთხილებას, ხოლო შემდგომ დაჯარიმებას.

დღეს არსებული პრაქტიკით კი ორივე მაკონტროლებელი ერთდროულად ამოწმებს სამშენებლო ობიექტებს და ერთდროულად იწყებს ორი სხვადასხვა კანონით დადგენილ საქმის წარმოებას. უფლებამოსილების დაღრევის შედეგად დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ერთი და იგივე სამშენებლო ობიექტი, ერთი და იგივე დარღვევისთვის იღებს ორი კანონის ორი სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ კანონის და სამართლიანობის პრინციპებთან, არამედ ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომელიც გამორიცხავს ერთი და იგივე დარღვევისთვის ორი სხვადასხვა სასჯელის დაკისრებას.

ცხადია, მშენებლობის უსაფრთხოების სფეროს რეფორმირება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა, დღეს არსებული რეგულაციები გარდა იმისა, რომ ურთიერთსაწინააღმდეგოა და ორ დამოუკიდებელ მაკონტროლებელ ორგანოს დუბლირებულ უფლებამოსილებას ანიჭებს, ასევე, სრულიად ბუნდოვანია ტექნიკურ ნაწილშიც.

საქართველოს მთავრობის 477-ე დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური მოთხოვნების რეალური დაცვა-შემოწმების მექანიზმები კანონმდებელს არ განუსაზღვრავს და მასზე დასკვნას არცერთი ავტორიტეტული ქართული საექსპერტო ბიურო არ გასცემს. ეს გამოწვეულია თავად 477-ე დადგენილებით განსაზღვრული სრულიად არაადექვატური მოთხოვნებით.

მაგალითად, 477-ე დადგენილების მე-15 მუხლი ადგენს სტანდარტს, როგორ უნდა მოხდეს სამშენებლო ობიექტზე არსებული ისეთი სივრცეების დახუფვა, სადაც შესაძლებელია ადამიანის ვარდნა (ლიფტის შახტა, კიბის უჯრედი, სამშენებლო მოედანზე არსბეული ორმოები და ა.შ.) და მიუთითებს, რომ ეს ღია სივრცეები ისეთი მასალით უნდა დაიხუფოს, რომელიც გაუძლებს ობიექტზე დასაქმებული ყველაზე მძიმე მუშის ორმაგ წონას და განთავსებული ხელსაწყოსა და ნივთის გაორმაგებულ წონას.

გამოდის, რომ მაკონტროლებელი ორგანოები უნდა აკონტროლებდნენ დასაქმებულის წონას ობიექტზე და მათი წონის ცვლილების მიხედვით უცვლიდნენ მშენებლობის უსაფრთხოების სტანდარტებს სამშენებლო ობიექტს. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში ამ ნორმის შემოწმება ზეპირად, ყოვლეგვარი ძირეული კვლევის გარეშე, არაავტორიზებული და გაურკვეველი კომპეტენციის მქონე ე.წ. „ექსპერტების“ მიერ გაცემული დასკვნების საფუძველზე ხორციელდება.

სახელმწიფო ორგანოებს კი, თუნდაც ამ სრულიად უცნაური ლოგიკის მქონე ნორმის რეალურად შემოწმების არანაირი ტექნიკური ინსტრუმენტი არ გააჩნიათ. იგივე პრობლემა შეეხება, მოაჯირებს, ხარაჩოებს, თოკებს, სამშენებლო ბადეებს, რომელსაც წაყენებული აქვთ კონკრეტული სტანდარტები თუ რა წონას უნდა უძლებდნენ, რა სიმაღლიდან ჩამოვარდნილ სიმძიმეს სად და როგორ აჩერებდნენ და ა.შ.

თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ამ საკითხის შემოწმების მომსახურებას ავტორიტეტული ქართული საექსპერტო დაწესებულებები არ ახორციელებენ, რადგან ამის ტექნიკური შესაძლებელობა არ გააჩნიათ, ხოლო ე.წ. ექსპერტები ამ დასკვნებს ზეპირი და გარეგნული დაკვირვებისა და შინაგანი ხმის კარნახით გასცემენ.

ზემოთ განხილული ორივე პრობლემა ყოველგვარ რაციონალურ აზრს აცლის ამ რეფორმის რაიმე პოზიტიური შედეგით დასრულების შესაძლებლობას თუ დაუყოვნებლივ არ გაიმიჯნება მაკონტროლებელი ორგანოების კომპეტენცია, რაც არა მხოლოდ უკანონოა, არამედ სერიოზულ კორუფციულ რისკებს ატარებს, ხოლო მეორეს მხრივ მშენებლობის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცებისას მათი გადმოწერა უნდა განხორციელდეს არა რომელიმე განვითარებული ქვეყნის ნორმებიდან, არამედ მოხდეს მათი ადაპტაცია და ქართული სამშენებლო სპეციფიკის გათვალისწინებით ჩამოყალიბება.

ამის ნათელი მაგალითია 477 დადგენილების მიერ დაწესებული სტანდარტი მუშების წონაზე, რომლის დაუცველობაც 30 000 ლარით და მშენებლობის შეჩრებით ისჯება, ხოლო მისი შესრულება/არშესრულების შინაარსობრივი დადასტურებას არც სახელმწიფო და არც ავტორიტეტული საექსპერტო ბიუროები არ ახდენენ!

უჩა ზაქაშვილი, სამშენებლო-სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრის დამფუძნებელი