„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების ნაწილის შესასრულებლად ბოლო ვადა 15 ოქტომბრამდე აქვს“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ თუ ანაკლიის კონსორციუმმა ვალდებულებების ნაწილი 15 ოქტომბრამდე ვერ შეასრულა, ხელისუფლება ვალდებული იქნება ინტერესთა გამოხატვა ხელახლა გამოაცხადოს.
„ჩვენმა ხელისუფლებამ უდიდესი სტატუსი მისცა ანაკლიის პორტის პროექტს. ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი კომერციული ყოფილიყო და კერძო სექტორის ჩართულობით განხორციელებულიყო. 15 ოქტომბრამდე აქვს კონსორციუმს ერთ-ერთი ბოლო გადავადება და თუ 15 ოქტომბრამდე თავისი ვალდებულებების ნაწილი ვერ შეასრულა (კაპიტალის შევსებასთან და ზოგადად, ბანკებთან დაკავშირებით, რომელთაც უნდა დაუმტკიცონ 400 მლნ დოლარის კრედიტი) ამ შემთხვევაში ხელისუფლება ვალდებული იქნება ახალი პარტნიორის გამოსავლენად ხელახლა გამოაცხადოს ინტერესთა გამოხატვა. დარწმუნებული ვარ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. დიდი სურვილი გვაქვს რომ ეს კერძო სექტორის ჩართულობით მოხდეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, რომ დავუშვათ ვერ შემოვიყვანეთ კერძო სექტორი ამ პროექტში, პორტს სახელმწიფო საკუთარი ბიუჯეტით ააშენებს, ანუ პროექტი არ გაჩერდება,“-განაცხადა მეზურნიშვილმა.