საერთაშორისო ბაზრებზე საწვავი იაფდება, მაგრამ ასეთი პერსპექტივა საქართველოში ლარის გაუფასურების გამო, არ ჩანს. ბოლო 1 კვირის განმავლობაში "ბრენტის" ტიპის საწვავი 10%-ით - 65.5 დოლარიდან, 59.5 დოლარამდე შემცირდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ "ოქროს სიის" გაუქმება და ლარის მკვეთრი გაუფასურება ბიზნესს იმდენად მძიმე ტვირთად აწვება, რომ ამ პირობებში გაიაფების არანაირი იმედი არ არსებობს.
ფასის შემცირების მთავარი მიზეზი ამერიკა-ჩინეთს შორის მიმდინარე, ე.წ. სავაჭრო ომია. შესაბამისად, ნავთობის სწრაფი გაიაფებამაც არ დაახანა. ცუდი ისაა, რომ მსოფლიო ბაზრებზე შემცირების ტენდენცია საქართველოზე დიდად არ აისახება. ყველამ იცის, რომ ამის ხელისშემშლელი ფაქტორი, გაუფასურებული ლარია, რომელმაც მორიგი ისტორიული მაქსიმუმი რამდენიმე დღის წინ გადალახა და 3.0-იან ნიშნულს მიუახლოვდა.
ბიზნეს ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანიშვილი "რეზონანსთან” იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც ნავთოპროდუქტების გაიაფებას იწვევს საერთაშორისო დონეზე, ხოლო საქართველოში ფასის კლებას უშლის ხელს.
,,მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება დიდწილად განპირობებულია ჩინეთ-ამერიკის ე.წ. სავაჭრო ომით. კერძოდ, აშშ უწესებს ჩინეთს ტარიფებს საქონელზე, რაც აჩენს მოლოდინს, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა არ იქნება ისეთი, როგორიც დაგეგმილი იყო. ასევე ფრაგმენტული დაძაბულობა იყო ახლო აღმოსავლეთში, როცა ირანმა რამდნიმე ტანკერი დააკავა.
ზიგზაგისებური ფასები, ახლა ქვემოთ მოდის და ეს წესით პირდაპირ უნდა აისახებოდეს ყველა ქვეყანაზე, მაგრამ ლარის კურსი, რომელიც, სავარაუდოდ, ხელოვნურად უფასურდება საქართველოში ამის საშუალებას არ იძლევა. ბიზნესს არასაიმედო პირობებში აყენებს ეროვნული ბანკის ბოლო ინტერვენცია, როცა გამოტანილი 40 მლნ-დან მხოლოდ 32 გაიყიდა. გამოდის, მხოლოდ კომერციული ბანკები ვაჭრობენ "ბლუმბერგის" პლატფორმაზე, ძირითადი მასა კი გატანილია პლატფორმის გარეთ. ე.ი. მისოები, სავაჭრო ჯიხურები და ა.შ ჩრდილოვან ეკონომიკად იქცა.
ბანკების მიერ დაწესებული სპრედი (ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სხვაობა) 5 თეთრია. გამოდის, რომ ბანკი ნებისმიერ რეალიზატორს მინიმუმ 5 თეთრით უზის წილში, რადგან საწვავი 100%-ით იმპორტირებულია.
ასევე უნდა აღნიშნოს ,,ოქროს სიის” გაუქმების ნეგატიური ეფექტი იმპორტიორებზე, მთლიანობაში ეს ყველაფერი ფასწარმოქმნაში იღებს მონაწილეობას. ალბათ ყველა ვხვდებით, რომ ბიზნესი არ იზარალებს და ეს ყველაფერი საბოლოოდ მაინც მოსახლოების გადასახდელია. ამიტომ ნავთობის ეს გაიაფება ერთადერთი როგორც შეიძლება ამ პირობებში ქართულ ბაზარზე აისახოს, არის ის, რომ ფასმა არ მოიმატოს, შემცირება კი, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. ლარის სტაბილურობა მუდმივად ეჭვქვეშაა”, - აცხადებს თარიმანიშვილი ,,რეზონანსთან”.
მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც თვენახევრის წინ, ანალიტიკოსები როგორც საწვავზე ასევე ლარზე სტაბილურ ფასს და სიმყარეს პროგნოზირებდნენ, დღეს ვითარება ორივე შემთხვევაში ცალსახად საპირისპიროა. 20 მაისის მოვლენების შემდეგ, საწვავზე ფასმა 10-15 თეთრით მოიმატა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლართან ერთად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი ნიშნული `რეგულაურის~ ტიპის ბენზინმაც გადალახა.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნავთობის ღირებულებაზე მეტად, საქარველოში ფასის მდგენელი დოლარის გაცვლითი კურსია.
,,პროცენტული სხვაობა იმდენად დიდია ლარის გაუფასურებით მიყენებულ ზარალსა და ბოლო კვირაში საწვავის გაიაფებას შორის, რომ ერთმანეთს ფარავს. ამ კვირის ბოლომდე, შეიძლება რომ მოვლენები პოზიტიურად შეიცვალოს, მაგრამ არა იმდენად, რომ გარდამტეხი როლი შეასრულოს.
კიდევ ვიმეორებ, დღევანდელ მდგომაროებაში გადამწყვეტ და განმსაზღვრელი მხოლოდ ეროვნული ვალუტის კურსია.
დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ როგორც დიდი კომპანიების, ისე საცალო ქსელებისათვის ყველაზე ხელსაყრელი ფასის კლებაა. დამერწმუნეთ, გაძვირებისას პირველი ისინი ზარალობენ”, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა ,,რეზონანსთან”.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი "რეზონანსი"