"მძღოლი ვალდებული იქნება 12 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანა უზრუნველყოს სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით"

მძღოლი ვალდებული იქნება 12 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანა უზრუნველყოს სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით, რომელიც შესაბამისობაში იქნება ბავშვის სიმაღლესთან და წონასთან. ამ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირებას საშემოდგომო სესიისთვის ვგეგმავ, - ამის შესახებ დამოუკიდებელი პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენელები მონაწილეობდნენ, მსჯელობა გაიმართა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე.

ეკა ბესელიას განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი ჯერ კიდევ გასულ წელს იყო შექმნილი, რომლის ფარგლებშიც მუშაობა მიმდინარეობდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გარკვეულ საკითხებზე და ერთ-ერთი საკითხი ბავშვთა და მოზარდთა უსაფრთხოებას უკავშირდება.

„საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ავარიების და ავარიების შედეგად ბავშვების დაშავების, დაზიანების და გარდაცვალების. აქედან გამომდინარე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებთანაც ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და ვპარტნიორობთ, გაჩნდა იდეა, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არსებობდეს სპეციალური საშუალებების გამოყენების ვალდებულება იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოდ იმგზავრონ.

შესაბამისი პროექტი მზად არის და ინიცირების დაწყებამდე მას კიდევ ერთხელ გადავუგზავნით ყველა უწყებას, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუ რაიმე კომენტარები და მოსაზრებები იქნება გამოთქმული, კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვიმსჯელებთ“, - აღნიშნა დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა.

მისივე თქმით, სამუშაო შეხვედრაზე კიდევ ერთი იდეა გამოითქვა, რაზეც მსჯელობაც გაიმართა. კერძოდ, სავალდებულო გახდეს უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანა სავარძლით მგზავრობის დროს, ისევე როგორც ეს სავალდებულოა წინა სავარძლით მგზავრობისას.

„ამაზეც გვჭირდება დროული კონსენსუსი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება მოსახლეობის უსაფრთხოების და მათი ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების შექმნას“, -აღნიშნა ეკა ბესელიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.