„ანაკლიის 1000 ჰექტარი კონსტიტუციაში ჩაწერილია, როგორც სპეციალური ეკონომიკური ზონა ანუ „ოფშორი“. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების ნაწილის შესასრულებლად ბოლო ვადა 15 ოქტომბრამდე აქვს და იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში ვალდებულებები ვერ შეასრულა, ხელისუფლება ვალდებული იქნება ინტერესთა გამოხატვა ხელახლა გამოაცხადოს.
„ჩვენმა ხელისუფლებამ უდიდესი სტატუსი მისცა ანაკლიის პორტის პროექტს. ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი კომერციული ყოფილიყო და კერძო სექტორის ჩართულობით განხორციელებულიყო. 15 ოქტომბრამდე აქვს კონსორციუმს ერთ-ერთი ბოლო გადავადება და თუ 15 ოქტომბრამდე თავისი ვალდებულებების ნაწილი ვერ შეასრულა (კაპიტალის შევსებასთან და ზოგადად, ბანკებთან დაკავშირებით, რომელთაც უნდა დაუმტკიცონ 400 მლნ დოლარის კრედიტი) ამ შემთხვევაში ხელისუფლება ვალდებული იქნება ახალი პარტნიორის გამოსავლენად ხელახლა გამოაცხადოს ინტერესთა გამოხატვა.
ამ პროექტმა სახელმწიფოსგან ბევრი ბენეფიტი მიიღო, მათ შორის, რაც მთავარია, კონსორციუმისთვის გადაცემული 1000 ჰა არის სპეციალური ეკონომიკური ზონა. ეს ფაქტობრივად, ნიშნავს ოფშორს. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის ოფშორი. ეს ერთადერთი სპეციალური ეკონომიკური ზონაა, რომელიც არის ჩადებული კონსტიტუციაში. დიდი იმედი მაქვს, კონსორციუმი გაართმევს თავს ამ ვალდებულებას და 15 ოქტომბრისთვის მოიტანს შეთანხმებულ ხელშეკრულებას. დარწმუნებული ვარ, ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს კერძო სექტორის ჩართულობით მოხდეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, რომ დავუშვათ ვერ შემოვიყვანეთ კერძო სექტორი ამ პროექტში, პორტს სახელმწიფო საკუთარი ბიუჯეტით ააშენებს, ანუ პროექტი არ გაჩერდება,“-განაცხადა მეზურნიშვილმა.
რაც შეეხება ანაკლიასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში გაკეთებულ ჩანაწერს, ქვეყნის მთავარ სამართლებრივ დოკუმენტში ვკითხულობთ, „ორგანული კანონით ანაკლიაში იქმნება განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, სადაც ვრცელდება სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი. ორგანული კანონით შეიძლება შეიქმნას ასევე სხვა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონები სპეციალური სამართლებრივი რეჟიმით“.