„ვაი-თვე“: საქართველოში გადაფრენა თითქმის ერთნახევარჯერ გაძვირდა, რუსი ტურისტების პოპულარობის რეიტინგში საქართველომ მესამე ადგილიდან მეოცეზე გადაინაცვლა, - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული გამოცემა „იზვესტია“.
სტატიაში გაანალიზებულია ტურისტულ სფეროში არსებული ის სიტუაცია, რომელიც რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის შედეგად შეიქმნა: ავიაბილეთების ფასების ზრდა ტრანზიტის გამო, ქართველი და რუსი ტუროპერატორების დანაკარგები და ა.შ.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„რუსეთიდან საქართველოში თვითმფრინავების პირდაპირი სამგზავრო რეისების აკრძალვის შემდეგ ავიაგადაფრენები 31-55%-ით გაძვირდა იმ ფასებთან შედარებით, რომლებიც ერთი თვის წინ იყო, ვლადიმერ პუტინის ბრძანების ძალაში შესვლამდე, - ამის შესახებ «Известия»-ს ბილეთების დაკვეთის სერვისებში აცნობეს. მოთხოვნა მკვეთრადაა დაცემული: ზოგიერთი აგრეგატორის (ბილეთების ინტერნეტ-გამყიდველის) თქმით, საქართველოში წამსვლელთა რაოდენობა სამჯერ და ოთხჯერაც კი შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თბილისში, ქუთაისში და ბათუმში გადასხდომებით ჩავიდნენ, ჩვენი თანამემამულეები რატომღაც არ ჩქარობენ ამ შანსით სარგებლობას. ერთ-ერთი აგრეგატორის - Туту.ру-ს მონაცემებით, საქართველო, რომელიც მესამე ადგილზე იყო ყველაზე მოთხოვნად მარშრუტების ტოპ-ათეულში, დღეს მეოცე ადგილზეა.
რატომ და რამდენად გაიზარდა ავიაბილეთების ფასები
პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის დაწესების შემდეგ ტრანზიტის ძირითადი პუნქტები გახდნენ ბაქო, სტამბოლი, ერევანი და მინსკი. როგორც «Известия»-ს Aviasales-მა შეატყობინა, ბილეთები ტრანზიტით საშუალოდ 35%-ით გაძვირდა - დაახლოებით 16,6 ათასი რუბლით ორივე მიმართულებით (იქით და აქეთ). Biletix-ის ცნობით, 8 ივლისიდან 31 ივლისამდე ბილეთების ფასი, ივნისის თვესთან შედარებით, 36%-ით გაძვირდა. საერთოდ კი, თუ ფასებს გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, მატება 72%-იანია - 22 466 რუბლი 13 054-ის ნაცვლად. Kupibilet-ის პრეს-მდივნის ანდრეი მალცევის თქმით, ბილეთების გაყიდვის პიკი 5-დან 8 ივლისამდე შეიმჩნეოდა: „იმ დღეებში პირდაპირ რეისებზე ბილეთების ფასი 10-11 ათასი რუბლი იყო ერთი მიმართულებით: მგზავრებს ბოლოჯერ უნდოდათ ესარგებლათ გადაჯდომის გარეშე გაფრენილიყვნენ საქართველოში“. მისი აზრით, ფასების ზრდა დიდად არის განპირობებული ე.წ. როუტინგით, ანუ ტრანზიტული ფრენის დროისა და მანძილის ზრდით თბილისამდე.
ამჟამად ყველაზე მეტად ბილეთებს თბილისისკენ ყიდულობენ ბაქოს (34%), ერევნის (24%), მინსკის (15%), სტამბოლის (14%) და ნურ-სულთანის (12%) გავლით. საქართველოში ჩასვლას ცდილობენ აგრეთვე რიგის და ალმა-ატის გავლითაც (ბილეთების 1%-ზე ნაკლები).
ყველაზე იაფად საქართველოში ჩასვლა შეიძლება სტამბოლში გადაჯდომით - ბილეთების ფასი „იქით და აქეთ“ 15 ათასი რუბლით იწყება, მას მოსდევს ბაქო - 16,5 ათასი რუბლით. ყველაზე ძვირია რიგისა და მინსკის გავლით - ბილეთების ფასი 18,5 ათასი რუბლიდან იწყება.
მოთხოვნა შეთავაზებას ჩამორჩება
ტურისტები, რასაკვირველია, საქართველოში წასვლაზე უარს არ ამბობენ და ისინი თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ტრანზიტული მარშრუტებით მაინც ჩადიან, მაგრამ, როგორც Aviasales-ს წარმომადგენელი იანის ძენისი ამბობს, მოთხოვნა ამ მიმართულებებით 83%-ით დაეცა იმასთან შედარებით, რაც აკრძალვამდე იყო. დაახლოებით იგივე ციფრებს ასახელებენ სხვა აგრეგატორებიც. მაგალითად, Biletix-ის ცნობით, გასულ წელს აქტიურად იყიდებოდა (იჯავშნებოდა) ბილეთები საქართველოსაკენ მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, სოჭში, დონის როსტოვში, სამარაში, ეკატერინბურგში, ჩელიაბინსკში, უფაში, ომსკში... დღეს კი დაჯავშნა მხოლოდ მოსკოვიდან და პეტერბურგიდან ხდება.
გასული წლის აგვისტოში, Туту.ру-ს მონაცემებით, დამოუკიდებელი (ანუ უსაგზურო) ტურისტებისთვის პოპულარული ქვეყნების ტოპ-ათეულში საქართველოს მე-3 ადგილი ჰქონდა დაკავებული, მიმდინარე წელს კი მან მე-20 ადგილზე გადაინაცვლა. მოთხოვნა, კომპანიის გათვლებით, თითქმის 4-ჯერ დაეცა - იმიტომ, რომ ბევრ ტურისტს ერთი თვითმფრინავიდან მეორეში გადაჯდომით ფრენა არ სიამოვნებს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: თუ ადრე მგზავრები ბილეთებს ძირითადად რუსული ავიაკომპანიებისა და „ქართული ავიახაზების“ თვითმფრინავებზე ყიდულობდნენ, ახლა ყველაზე მეტი ბილეთის გაყიდვა „აზერბაიჯანულ ავიახაზებისა“ და „ბელავიას“ თვითმფრინავებზე მოდის.
როგორც Kupibilet.ru-ს ანალიტიკოსი ანასტასია დენისოვა აღნიშნავს, მოსკოვ-თბილისის ტრანზიტულ მიმართულებას ერთადერთი ახალი ავიაკომპანია დაემატა - Armenia, რომელიც ამჟამად მგზავრების „ოპერატიული გადამყვანის“ როლს ასრულებს „ქართული ავიახაზებისათვის“ მოსკოვიდან თბილისში. Armenia-სთან თანამშრომლობა ქართული ავიაკომპანიისათვის იმას ნიშნავს, რომ მან ამ მიმართულებით ბაზრის თავისი წილი არ დაკარგოს.
დანაკარგების შეფასება: საქართველოშიც და რუსეთშიც
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ივლისში რესპუბლიკამ უკვე დაკარგა 44 მილიონი დოლარი რუსი ტურისტების ნაკადის შემცირების გამო. უფრო ადრე სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ზარალი შეიძლება უფრო დიდი იყოსო - მიმდინარე წელს საქართველო, 2018 წელთან შედარებით, ტურისტულ სექტორში შემოსავლების გაორმაგებას ელოდებოდა.
რა თქმა უნდა, ზარალს განიცდიან რუსი ტუროპერატორებიც: როგორც ასოციაცია „ტურდახმარების“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ოსაულენკო აღნიშნავს, რუსული კომპანიების დანაკარგები ივლისის ბოლოსათვის 150 მილიონ რუბლამდე აღწევს.
„ახლა ზაფხულის სეზონია, ამიტომ ყველაზე მეტად დაზარალდა როგორც საექსკურსიო და კულტურული, ასევე პლაჟური ტურიზმი, ვთქვათ, აჭარის კურორტებზე, - უთხრა «Известия»-ს «Ростуризм»-ის ხელმძღვანელის მრჩეველმა, რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა დიმიტრი გორინმა, - მაგრამ დანაკარგების შეფასება ჯერჯერობით მიახლოებითია“. იმავდროულად მან ხაზი გაუსვა, რომ ტურისტთა 70%-მა ფულის დაბრუნება კი არ მოითხოვა, არამედ ტურები სხვა ქვეყნებზე ან რუსეთის კურორტებზე გადააფორმებინა.
8 ივლისამდე რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ რეისებს ახორციელებდნენ რუსული ავიაკომპანიები - «Аэрофлот», «Победа», «Уральские авиалинии», «S7», «Red Wings» და «Smartavia». რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს წინასწარი შეფასებებით, მათი დანაკარგები 3 მილიარდ რუბლს აღწევს. რუსეთის ხელისუფლება მათ დაპირდა, რომ ზარალი ანაზრაურებული იქნება, თუმცა როგორ და რა მექანიზმით, ან რა ფინალური თანხით, ეს ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა.
მოამზადა სიმონ კილაძემ