საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი - საკრედიტო პორტფელის ზრდა მიმდინარეობს

შემიძლია ვთქვა, რომ დღეის მდგომარეობით საკრედიტო პორტფელის ზრდა მიმდინარეობს,- ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ „ინტერპრესნიუსს“ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის საბანკო სექტორზე ზეგავლენის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ძელაძე აცხადებს, რეგულაციების ამოქმედებიდან 6 თვის თავზე არსებული მონაცემებით, ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება მზარდია, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო შემცირებულია განვადებებისა და მცირე სამომხარებლო სესხების მიმართულება.

მისივე თქმით, რეგულაციები ლარში იპოთეკური სესხების კუთხით შემსუბუქდა, თუმცა სხვა მიმართულებით გადახედვა დღეს მოსალოდნელი არაა.

„როგორც იცით, არსებული მაჩვენებლებიდან გამომდინარე უკვე შემსუბუქდა რეგულაციები ლარში იპოთეკურ სესხებთან მიმართებაში, ეს უკვე იმისი წინაპირობაა, რომ კონკრეტული მიმართულებები, რომელშიც ეროვნული ბანკის მხრიდანაც მოხდა იდენტიფიცირება, რომ უფრო მეტად მოხდა ჩარჩოების შემოჭერა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. შედეგებზეც აისახა ეს ყველაფერი და მოხდა შემსუბუქება. სხვა მიმართულებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეის მდგომარეობით საკრედიტო პორტფელის ზრდა მიმდინარეობს. კონკრეტული პროდუქტების ჭრილში, რომლებთან მიმართებაშიც წინასწარვე იყო მოლოდინი რომ ასე იქნებოდა, ის პორტფელები მცირდება, ეს არის განვადებების, მცირე სამომხმარებლო სესხების პორტფელი,“ - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.