ალექსეი ნავალნის ფონდში ჩხრეკა მიმდინარეობს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაარსებულ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდში“ სამართალდამცავები ჩხრეკას ატარებენ. ოფისი ერთ-ერთ ბიზნეს-ცენტრში მდებარეობს, სადაც შეიარაღებული სამართალდამცავები იმყოფებიან და გარეშე პირებს არ უშვებენ.

ჩხრეკა ფულის გათეთრების ბრალდებით ფონდის წინააღმდეგ აღძრული საქმის ჩარჩოებში მიმდინარეობს. ამ საქმის აღძვრის თაობაზე შაბათს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. საქმე 2016-2018 წლებში ფონდის მიერ შემოწირულების სახით მიღებული დაახლოებით მილიარდ რუბლს ეხება.

თვითმხილველების ცნობით, ფონდიდან ერთი ადამიანი ხელბორკილებით გამოიყვანეს და პოლიციის ავტომობილში ჩასვეს.

ამასთან, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ და მისი რამდენიმე თანამშრომლის ანგარიშები გაყინულია. ამის შესახებ ფონდის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა. საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომელთა მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებდა კვლევას ფულის გათეთრების და გადასახადებისგან თავის არიდების მუხლებით. ჩხრეკა მათ სახლებშიც ჩატარდა.

საგამოძიებო კომიტეტმაც გააკეთა განცხადება, რომ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ რიგი თანამშრომლები დაბარებულები არიან დაკითხვაზე.

თავად ფონდის დამაარსებელი ალექსეი ნავალნი და დირექტორი ივან ჟდანოვი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.