თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებაზე ტენდერი გამოცხადდა. მერიამ ამ მიზნით ორი ტენდერი გამოაცხადა. კერძოდ, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მდებარე ბაღების მომარაგების მიზნით.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება ორივე ტენდერის შემთხვევაში 14 აგვისტოს დაიწყება და 16 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი მარჯვენა სანაპიროზე - 17 002 058; ხოლო მარცხენაზე 43 265 221 ლარია.
ამასთან, სატენდერო პირობების მიხედვით, მიწოდების ვადად 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტით მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. მერის მოადგილის განცხადებით, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და თანაც, დაგვიანებით აწვდიდა.