სოციალური მუშაკი - ძვრებს ვერ ვხედავ, რომ სოციალური მომსახურების სისტემა ძირეულად იცვლებოდეს

სოციალური მუშაკის, თეა მაღრაძის განცხადებით, „ძვრებს ვერ ხედავს“ იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალური მომსახურების სისტემის ძირეულად შეცვლის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დაპირება სრულდებოდეს.

როგორც თეა მაღრაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ტრანსპორტით მომსახურება მხოლოდ თბილისში არსებულ ცენტრებს დაემატა, რეგიონებში კი ანალოგიური სიტუაციაა დარჩენილი და სოციალური მუშაკებისთვის ტრანსპორტი ხელმისაწვდომი არაა.

„მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია შეიცვალა ტრანსპორტთან დაკავშირებით: როცა მანქანა გვჭირდება, სამსახურებთან არ დგას, მაგრამ ვრეკავთ, მოდიან და მანქანებით გვემსახურებიან. ასევე, თვეში ოცი ლარს რიცხავენ სამგზავრო ბარათზე, სამხარაულში ხელმოწერა ელექტრონული გახდა და აღარ გვიწევს სიარული. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს ხდება თბილისში, მთლიანად საქართველოს მასშტაბით, არის ცენტრები, სადაც იგივე მდგომარეობაა დარჩენილი. ტრანსპორტი ყველა სოციალური მუშაკისთვის არაა ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, ლაპარაკი რომ იყო საქმეების ჩამოშორებაზე, ეს მოხდა ნაწილობრივ. განცხადებებს იღებს სხვა ოპერატორი, რაღაც ნაწილს ის ასრულებს, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება, დასკვნების დაწერა და კონსულტაციები ჩვენ გვიწევს. ბრძანებით უნდა ჩამოგვშორებოდა ეს საქმეები, ბრძანება არ არსებობს. რაღაც ნაწილს აკეთებს სხვა ადამიანი, მაგრამ, ჩვენ ვწერთ გადაწყვეტილებებს ისევ, ჩვენ ვრეკავთ, რომ ვაუჩერები წაიღონ, ანუ შეხება გვაქვს ამ საქმეებთან მაინც. ბრძანება არ დაწერილა ამ საკითხთან დაკავშირებით და როცა ბრძანება არ არსებობს, მხოლოდ სიტყვიერი დაპირებით შემოფარგვლა არ შეიძლება.

რაც შეეხება ფსიქოლოგებს, თბილისში იყო ერთი ფსიქოლოგი და ახლა დაემატა კიდევ ერთი, პირველი აგვისტოდან დაიწყო მუშაობა. ჯერჯერობით რა შეღავათი იქნება ამ ერთი ფსიქოლოგის დამატებით, ვერ გეტყვით, პრაქტიკასთან ერთად დავინახავთ.

სხვა ცვლილება არაფერი არ არის, არც ხელფასების მატებაზე, არც მინისტრთან შეხვედრა ყოფილა, რა გეგმებია სამომავლოდ, არც ეგ ვიცით.

ისევ ისეა ყველაფერი, როგორც იყო სერვისების მხრივაც და სამომავლოდ თუ რამე შეიცვლება, ნამდვილად არ ვიცი. როგორი მოთხოვნებიც გვქონდა ჩვენ, რომ სისტემა ძირეულად უნდა შეიცვალოს და გაიმართოს, მინდა გითხრათ, რომ მე ძვრებს ვერ ვხედავ“, - განაცხადა თეა მაღრაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით რამდენიმე თვის წინ გაიფიცნენ და საპროტესტო აქციებს მართავდნენ.