40,7 მლნ ლარი 6 თვეში  - რა თანხა დახარჯეს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მივლინებებში

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე 40,7 მილიონი ლარი დახარჯეს. სახელმწიფო აუდიტის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემების მიხედვით, ეს თანხა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3,4 მლნ ლარით მეტია. 2018 წლის 6 თვეში მივლინებებში 37,3 მლნ ლარი დაიხარჯა, მთელი წლის განმავლობაში კი 78,2 მლნ ლარი.

უფრო კონკრეტულად, 2019 წლის 6 თვეში მივლინებებზე 1,4 მილიონი დახარჯეს პარლამენტსა და მასთან არსებულ ორგანიზაციებში დასაქმებულებმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი 6 თვეში მივლინებებზე 853 365 ლარი დახარჯა.

საანგარიშო პერიოდში, 2,3 მლნ ლარი დახარჯეს მივლინებებში მთავრობის ადმინისტრაციამ. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,4 მლნ ლარით მეტია.

რაც შეეხება სხვა უწყებებს - ფინანსთა სამინისტროს სამივლინებო ხარჯებმა 982 928 ლარი შეადგინა; ეკონომიკის სამინისტროს - 1,1 მლნ ლარი; იუსტიციის სამინისტრო - 392 ათასი ლარი დახარჯა, ჯანდაცვის სამინისტროს - 1,.1 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტროს - 1,4 მლნ ლარი, თავდაცვის სამინისტროს - 21,3 მლნ ლარი, შსს- 2,6 მლნ ლარი; გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 1,8 მლნ ლარი; განათლების სამინისტრო 2,9 მლნ ლარი.

გარდა ამისა, 2019 წლის 6 თვეში 69 376 ლარი დახარჯა მივლინებებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა; 114 643 ლარი ცესკომ; 34 713 ლარი - საკონსტიტუციო სასამართლომ და ა.შ.

ელზა წიკლაური