ჭიათურის მერია და „ჯორჯიან მანგანეზი“ ყვირილას სანაპიროს რეაბილიტაციას განახორციელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ჭიათურის მერმა, გივი მოდებაძემ და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორატის საბჭოს წევრმა, თემურ ხონელიამ მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად, ჭიათურაში მდინარე ყვირილას სანაპირო დაათვალიერეს.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, მდინარე ყვირილას სანაპირო ზოლზე მუნიციპალიტეტის მერია და „ჯორჯიან მანგანეზი“ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებენ. მოეწყობა ველობილიკი, ტროტუარი, მოაჯირი და სავალი ნაწილი. ასევე იგეგმება მთელი პერიმეტრის გამწვანება და უსახური შენობების განახლება. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად პროექტის მომზადება უახლოეს პერიოდში დაიწყება, პროექტირების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლება სამუშაოებს კერძო კომპანიასთან ერთად განახორციელებს.
„გივი მოდებაძის თქმით, ჩატარდება მასშტაბური სამუშაოები, რაც ჭიათურას სრულიად ახალ და თანამედროვე იერს შესძენს. ჭიათურის მერი დარწმუნებულია, რომ "ჯორჯიან მანაგანეზთან" ერთად პროექტის განხორციელება მოკლე ვადებში მოხდება. რეაბილიტაცია მოიცავს: ყვირილას მარცხენა სანაპირო ზოლს მაღაროელთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან - თხელიძის ქუჩის ბოლომდე და მარჯვენა სანაპიროს გამარჯვების პარკიდან - ნიკოპოლის ქუჩამდე“, - აღნოშნულია კომპანიის განცხადებაში.