ჩინეთში „ამაზონის“ მოწყობილობების წარმოებაში დასაქმებული ასობით სკოლის მოსწავლე ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებს. Guardian-ის ინფორმაციით, წარმოებაში დასაქმებულ სკოლის მოსწავლეთა ასაკი ხშირ შემთხვევაში 16 წელს არ აღემატება. ამასთანავე, ხშირად მათ მთელი ღამის განმავლობაში უწევთ მუშაობა.
Guardian-ის ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ სკოლისა და კოლეჯის მოსწავლეები ქალაქ ჰენიანში ცხოვრობენ და სამუშაო კონტრაქტში სტაჟიორებად არიან მოხსენიებულნი, მათი ანაზღაურება კი კოლეჯებსა და სკოლებში ირიცხება სწავლის გადასახადის დაფარვის მიზნით. აღსანიშნავია, რომ სასწავლო დაწესებულებების დირექცია სტუდენტებს „ამაზონის“ ქარხანაში დასაქმებისაკენ მოუწოდებს.
არასრულწლოვნებიც განცხადებით, თავდაპირველად მათ უთხრეს, რომ კვირაში 5 დღე 8-საათიანი სამუშაო განრიგი ექნებოდათ, თუმცა ამჟამად ისინი დღეში მინიმუმ 10 საათს მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა დასაქმებულმა არასათანადო სამუშაო პირობების გამო სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა, თუმცა მენეჯერი მათ სკოლებსა თუ კოლეჯებში პრობლემების შექმნით დაემუქრა.
ქარხანაში დღესდღეობით 16-დან 18 წლამდე 1 000-ზე მეტი არასრულწლოვანი მუშაობს. ჩინეთის კანონმდებლობის მიხედვით, სამუშაოს დასაწყებად მინიმალური ქვედა ასაკობრივი ზღვარი 16 წელია, თუმცა კანონი ზეგანაკვეთურ საათებსა და ღამის განმავლობაში მუშაობას კრძალავს.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა