ტრამპი კვლავ ფედრეზერვს და მყარ დოლარს აკრიტიკებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ფედრეზერვის არასწორი პოლიტიკის წყალობით, ზედმეტად გამყარებული დოლარით, რომელიც ამერიკელ მწარმოებლებს აზარალებს.

„ფედრეზერვის მიერ არჩეული მაღალი განაკვეთის პოლიტიკა, დოლარს სხვა ქვეყნების ვალუტებთან მეტისმეტად ამყარებს, ეს კი ჩვენს დიდ მწარმოებლებს, როგორებიცაა კატერპილერი, ბოინგი, ჯონ დირი, ჩვენი ავტოკომპანიები და სხვები, მაღალ დონეზე მუშაობის საშუალებას ურთულებს“, - ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტებში წერს ტრამპი.

პრეზიდენტი ფედრეზერვისგან და მის თავმჯდომარე ჯერომ პაუელისგან, თვეების განმავლობაში მოითხოვს დოლარზე განაკვეთის დაწევას, რაც აშშ-ის ეკონომიკის განვითარებას დააჩქარებს.

ცენტრალურმა ბანკმა თავის ივლისის სხდომაზე, განაკვეთი 0.25 პროცენტით შეკვეცა, მაგრამ ტრამპი თვლის, რომ ეს საკმარისი არაა და ფედრეზერვს განაკვეთი ამ ეტაპზე, 0.5 პროცენტით უნდა შეემცირებინა.