ბინების მოპარვის ბრალდებას, კორუფციის ბრალდებას ივანიშვილს არ ვაპატიებ“, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გვარამიას თქმით, მისთვის კორუფციის ბრალდება არის „წითელი ხაზი“ და როდესაც ის დაკითხვაზე იმყოფებოდა, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრალი იქნებოდა, უბრალოდ ვერ იპოვეს იმ საკითხებში, სადაც ეძებდნენ. კონტრაქტი რატომ დადე ცუდიო, ამაზე ბრალის წარდგენა, ბოდვაა, ყველას გვესმის. ჯერ ერთი კონტრაქტი ჩემი შექმნილი არ არის, არის სხვადასხვა დეპარტამენტების მიერ გავლილი, ხელმოწერილი და საბოლოო ხელმოწერა იყო ჩემი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ გენერალური დირექტორი წყვეტს ყველაფერს და ყველაფერი იცის, იმან არ იცის მართვის საკითხები.
მეორე, ასეთი კონტრაქტისთვის შეიძლება დადგეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა ან სამეწარმეო პასუხისმგებლობა და გამათავისუფლონ - ეს არ მომხდარა, პირიქით, მოწონებულია დამფუძნებლების მიერ.
მესამე, ეს ყველაფერი ტყუილია კონტრაქტთან დაკავშირებით იმიტომ, რომ შუა წელიწადში, როცა ვნახე, რომ ეს კონტრაქტი არ ამართლებს, პირდაპირ გეუბნებით, რომ ზეწოლა იყო ჩემი მხრიდან „ინტერმედიაზე“. ჩავსვი ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა შემოსავლებს, უნდა ეყურებინა. ზეწოლა იყო შემდეგი სახის: მათ შეეძლოთ იურიდიულად, რომ ეს ჩემთვის არ მოეცათ, მაგრამ ვუთხარი, რომ შემდეგ წელს აღარ გაგიფორმებთ კონტრაქტსთქო. ეს რა თქმა უნდა, სამეწარმეო ზეწოლა იყო, რადგან ისინი დამოკიდებულები არიან ჩემზე. მომდევნო წლის ზამთარში მათ დაგვიბრუნეს 9 მილიონი ნამეტი. ზამთარში იმიტომ, რომ ზამთარში ყველაზე მეტი ფული გროვდება და აკუმულირდება.
მეორე და მთავარი ტყუილი, რაც პიარისთვის იყო გაკეთებული, რა თქმა უნდა, უთეთრესი ძაფებით ნაკერი, ეს იყო, ბინები რომ მოვიპარე. აქ, ამ ბრალდებას, რაღაცის მოპარვის ბრალებას, კორუფციის ბრალდებას ივანიშვილს არ ვაპატიებ. კორუფცია ჩემთვის არის წითელი ხაზი, რატომაა ეს ბრალდება? შეგნებულად, რომ მე ვითომ რამეს ვიპარავდი. შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ ეს არის სესხის ხელშეკრულების გასტუმრება ნატურით იმიტომ, რომ ყველა საბუთი „ინტერმედიიდან“ ამოღებული აქვთ, ის ხელშეკრულებაც და ვალის დახურვის ხელშეკრულებაც და მთავარი, ვიყავი დაკითხვაზე და თუ ეს იყო ფუნდამენტური საკითხი ბრალის, ხომ უნდა ეკითხათ ჩემთვის? აბსოლუტურად არ ყოფილა ამაზე საუბარი, ეს არის თეთრი ძაფებით ნაკერი, საპიარო საქმე. ახლა ვინ იცის პიარი უკეთესად, მაგას ბიძინა ივანიშვილს ვანახებ.
მე არ ვიცი, თვითონ რაზე წავლენ, მაგრამ მათ მოუწევთ წავიდნენ საპატიმრო აღკვეთზე. რატომ და როგორ, ამას ვიტყვი შვიდ საათზე“, - განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.