აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ლელა გოგუაძე უხელმძღვანელებს. სააგენტოს დირექტორი თანამშრომლებს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სულხან ღლონტმა დღეს წარუდგინეს. სააგენტოს დირექტორის პოზიცია ივნისში თინათინ ზოიძის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ გახდა ვაკანტური.
„ლელა გოგუაძეს ტურიზმის სფეროში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 10 წელი ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2016 წლიდან დღემდე მუშაობდა პიარისა და რეკლამის სამსახურში, მანამდე კი ბათუმის ტურისტული სააგენტოს დირექტორის მოადგილედ და ტურისტული-საინფორმაციო ცენტრების ხელმძღვანელად. ლელა გოგუაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი და დოქტორანტია.“ - ნათქვამია აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.