დღეიდან, მერია თბილისის თითოეულ რაიონში წარმოებულ და მიტოვებულ სამშენებლო სამუშაოებზე მონიტორინგს იწყებს

მერია თბილისის თითოეულ რაიონში წარმოებულ და მიტოვებულ სამშენებლო სამუშაოებზე მონიტორინგს იწყებს. ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი უკვე დღეიდან იწყება და მონიტორინგში ჩართული იქნება თითოეული გამგეობაც.

„სხვადასხვა სამუშაოების წარმოებას სჭირდება ნებართვის აღება. ნებართვის დოკუმენტში კი აღწერილია თუ რა სახით უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები. ამასთან, ცალკეულ ფიზიკურ პირებსაც, რომლებიც ინდივიდუალურად ახორციელებენ მიწის სამუშაოებს, იქნება ეს ელექტროენერგიის, წყლის, ან წყალარინების სისტემის შეყვანა, ამ შემთხვევაშიც საჭიროა ნებართვის აღება, სადაც ასევე გაწერილია რომ უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული. უკვე დღეიდან კი მონიტორინგი გამკაცრდება.

დღეიდან ინსპექციის თანამშრომლები გამგეობებთან ერთად მოივლიან იმ რაიონის ტერიტორიებს - თუ არის სადმე დაწყებული და მიტოვებული სამუშაოები, რომელიც არ არის დასრულებული. ასევე მოხდება შემოწმება რამდენად არის უსაფრთხოების ნორმები დაცული ამა თუ იმ პროექტის განხორციელებისას. დღეიდან უკვე დაიწყო შეხვედრები გამგეობის წარმომადგენლებთან, პროვაიდერ კომპანიებთან. რაც შეეხება სანქციას, ჯარიმის ოდენობა განსაზღვრულია და 1000 ლარიდან 6000 ლარამდე მერყეობს,“-აღნიშნა ბაგრატიონმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაავალა მუნიციპალურ ინსპექციას, რომ „უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული და ვინც ამ მოთხოვნებს დაარღვევს, ინსპექციას მყისიერი რეაგირება უნდა ჰქონდეს და არავინ უნდა დაინდოს“.

თაია არდოტელი