რუსთავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური 6 მარშრუტზე გაიზრდება და 1.80 თეთრი გახდება

რუსთავი-თბილისის მიმართულებით, მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური 11 მარშრუტიდან 6 მარშრუტზე 30 თეთრით გაიზრდება და 1.50 თეთრის ნაცვლად, 1.80 თეთრი გახდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულომ დღეს მიიღო.

როგორც სხდომის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი, რუსთავი-თბილისის მიმართულებით, სამგზავრო ფასის შემსწავლელი საბჭოს მიერ გამოკვლეულ იქნა მგზავრობის ფასზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორები, ასევე მგზავრთა ნაკადი, საწვავის ფასი, მძღოლის ყოველდღიური შემოსავალი და სხვა კრიტერიუმები.

როგორც საკრებულოში განმარტავენ, ჩატარებული სამუშაოს შედეგად, შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის დასკვნის საფუძველზეც, 6 მარშრუტზე მგზავრობის ღირებულება 1.80 ლარით განისაზღვრა.

რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, „,ისთ ფოინთი“; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19-ე მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი - მგზავრობის საფასური იგივე დარჩა და არ გაზრდილა.

როგორც რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ განაცხადა, რუსთავი-მე-19-ე მიკრო რაიონი - თბილისი - უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, ძირითადად სტუდენტები მგზავრობენ და აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობის ტარიფის გაზრდის საკითხი თვითმმართველობას არც კი განუხილავს. ტოგონიძის განცხადებით, სტუდენტები ისევ ძველი ტარიფით იმგზავრებენ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ინტერტრანსი“, რომელიც რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას 11 მარშრუტზე უზრუნველყოფს, გაზრდილი მგზავრობის ტარიფის დადგენას, თითქმის ერთი წელია, რაც რუსთავის თვითთმმართველობისგან აქტიურად ითხოვს. კომპანიაში დასაქმებულმა მძღოლებმა, რამდენჯერმე მგზავრობის საფასური თვითნებურადაც გაზარდეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მგზავრობის საფასური არარეალურად დაბალი იყო და ,,ინტერტრანსი“ ზარალზე მუშაობდა. თავის მხრივ მძღოლები მოითხოვდნენ მგზავრობის საფასურის გაზრდას და აცხადებდნენ, რომ კომპანიაში შესატან დღიურ ნორმას ვერ ასრულებდნენ და თავადაც არაფერი რჩებოდათ.