Top-10 საუკეთესო ქვეყანა ცხოვრებისა და მუშაობისთვის - HSBC-ის კვლევა

ბევრი ადამიანი ოცნებობს, საცხოვრებლად ისეთ ქვეყანაში გადავიდეს, სადაც ცხოვრებას თავიდან დაიწყებს, უკეთესი სამსახურის შოვნისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მიეცემა და მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუმჯობესდება.

ამის გამო მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - HSBC 18 059 ემიგრანტს 163 რეგიონიდან დაუსვა შეკითხვა, რომელ ქვეყანაშია ყველაზე უფრო მეტი შესაძლებლობა, გქონდეს კარგი სამსახური, განვითარდე კარიერულად და ოჯახისთვის უკეთესი შესაძლებლობები შექმნა?

გამოკითხვის შემდეგ 10 ასეთი ქვეყანა გამოიკვეთა:

1. შვეიცარია

ემიგრანტების ძირითადი ნაწილი, ვინც საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, კვლევის თანახმად, მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში არიან, მათი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა. გარდა ამისა, გარემო პირობები შვეიცარიაში უფრო უსაფრთხოა, ვიდრე იმ ქვეყნებში, საიდანაც ეს ემიგრანტები ჩავიდნენ. შვეიცარიაში საშუალო ანაზღაურება 111 587$-ს შეადგენს. ეს თანხა იმ საშუალო ანაზღაურებაზე მეტია, რასაც ემიგრანტებს სხვა ქვეყნებში უხდიან - 75 966$.

ამასთან, ემიგრანტები აღნიშნავენ, რომ შვეიცარიის ქალაქებში ცხოვრება საკმაოდ ძვირი ჯდება. მაგალითად, ციურიხი და ჟენევა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების სიაში არიან.

2. სინგაპური

HSBC-ის კვლევის თანახმად, სინგაპური ყველა ოჯახისთვის საცხოვრებლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. მშობლები აღნიშნავენ, რომ სასკოლო სისტემა სინგაპურში უკეთ არის აწყობილი, ვიდრე მათ მშობლიურ ქვეყნებში. InterNations-ის რეიტინგში სინგაპური ოჯახებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო საცხოვრებლადაც დასახელდა. მშობლები განმარტავენ, რომ სინგაპურში ჩასულებს მშვენიერი სამუშაო ადგილები დახვდათ, ასევე, აქ უსაფრთხოების დონე საკმაოდ მაღალია. მიუხედავად ამისა, სინგაპურში ცხოვრება ერთ-ერთი უძვირესია.

3. კანადა

კანადა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა, - ნათქვამია HSBC-ის კვლევაში. კანადაში ბევრი ემიგრანტი დიდი ხნით გადადის საცხოვრებლად.

4. ესპანეთი

ხმელთაშუა ზღვისპირეთის მშვიდი ცხოვრება, რომელიც ცხოვრების მაღალ სტანდარტებს ერწყმის - ეს ესპანეთია, სადაც HSBC-ის თანახმად, კეთილდღეობის მიღწევა რთული არ არის. რესპონდენტთა 67%-მა განაცხადა, რომ ესპანეთში გადასვლის შემდეგ ცხოვრებასა და სამსახურს შორის ბალანსის პოვნა შეძლეს.

5. ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია ემიგრანტებში პოპულარული ქვეყანაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ჩავიდნენ - დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ აფრიკა, აშშ.

HSBC-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა დიდი ნაწილი აქ ჩასვლის შემდეგ, 20 წელზე მეტია, დარჩა.

6. ავსტრალია

ემიგრანტთა დიდი ნაწილი ავტრალიაში გადასვლის შემდეგ თავს ფიზიკურად უფრო ჯანმრთელად მიიჩნევს. ამასთან, მათ სამსახურის შემდეგ მეტი თავისუფალი დრო რჩებათ. მიუხედავად ამ სარგებლისა, ცხოვრების ღირებულება ავტრალიაში ძალიან მაღალია.

7. თურქეთი

თუქეთიც ემიგრანტებისთვის გახსნილი და სტუმართმოყვარე სახელმწიფოა. HSBC აღნიშნავს, რომ კულტურული გარემო აქ ძალიან მდიდარია.

8. გერმანია

ბევრმა ემიგრანტმა კვლევაში აღნიშნა, რომ ცხოვრების მაღალი დონე და პოლიტიკური სტაბილურობა არის ის, რაც გერმანიაში ცხოვრებისკენ უბიძგებთ. ამასთან, მშობლები აღნიშნავენ, რომ ოჯახისთვის ეს ქვეყანა საცხოვრებლად საკმაოდ კომფორტულია.

9. არაბეთის გაერთიანებული საამიროები

ქვეყანა ცნობილია იმით, რომ ფედერალური შემოსავლის გადასახადი არ აქვს. ეს მშვენიერი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ფინანსური შემოსავლით არის დაინტერესებული.

10. ვიეტნამი

ემიგრანტები განმარტავენ, რომ ვიეტნამში ადგილობრივებისა და ჩასული მოოსახლეობის ინტეგრაცია სწრაფად და მარტივად ხდება. ამასთან, ქვეყანა კარიერული ზრდის გარკვეულ შესაძლებლობებსაც იძლევა და სამუშაო ადგილებზე კმაყოფილების დონე საკმაოდ მაღალია. ასევე, ვიეტნამში სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსება შესაძლებელია. ძირითადად, რაზეც ემიგრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ეს მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურაა. ასევე, გართობისა და დასვენებისთვის ვიეტნამში შედარებით მცირე შესაძლებლობაა, ვიდრე ჩამოთვლილ ქვეყნებში.

მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა