თეთრიწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

ქალაქ თეთრიწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია, შენობის ინტერიერის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, მათ შორის ამორტიზებული ხის კარ-ფანჯრების შეცვლა, ჭერის რეაბილიტაცია. ამასთანავე, მოეწყობა შესაბამისი სტანდარტების, თანამედროვე საგამოფენო სივრცე.

პროექტი ხორციელდება, ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG)-ის მიერ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე პროექტის - „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, საგრანტო კონკურსის შედეგად მიღებული გრანტით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით.

თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია 11 ათასამდე ექსპონატი, მათ შორის, გვიანი ქვის ხანის (ძვ.წ.აღ VII-IV სს) არქეოლოგიური მასალა, ასევე, ეთნოგრაფიული, ისტორიული მასალები, ნუმიზმატიკური კოლექციები, ხელოვანთა ნამუშევრები და ა.შ.

პროექტის საერთო ბიუჯეტია 253,980.82 ლარი, აქედან, აპლიკანტის თანამონაწილეობა 17%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული 2018-2022 წწ. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივ დონეზე სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, განვითარების პროექტების დაფინანსების გზით. სწორედ ასეთ პროექტს წარმოადგენს ქალაქ თეთრიწყაროში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია.