„ინტერმედიასთან“ მქონდა ძალიან მკაცრი მოლაპარაკება, შეიძლება ითქვას, რომ გამოვიყენე მათზე საბაზრო უპირატესობა და დავაბრუნებინე არა 7 მილიონი, არამედ, 9"

პირველი, თუ ვინმეს გაუგია, რომ საქართველოში გენერალურ დირექტორს იჭერენ ცუდი კონტრაქტის დადებისთვის, ხელი აწიეთ და დავდუმდები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს კონტრაქტი ცუდიც არ იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურასთან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა. მან ჟურნალისტებთან მის ბრალთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

„მოგესალმებით დიქტატურაში და დიდი ხანია მე ამას ვამბობ, ჩემი დაჭერა, თუ რა არის, ბრალის წარდგენა, არ არის პირველი ნიშანი დიქტატურის დამყარების. სამწუხაროდ, ძალიან ბევრჯერ გავიმეორებ ამას, იმიტომ რომ ამის დამალვა არ შემიძლია. სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა საქართველოში დიქტატურის პანდორის ყუთის გახსნა. ამ გადაწყვეტილებამ ეს გააკეთა. ამის მერე საქართველოში ბოლომდე ფრთები აქვს გაშლილი დიქტატურას და დღეს უბრალოდ ერთ-ერთი ნაბიჯი, შეიძლება ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა აქეთკენ. ჯერ გავაკეთებ კომენტარებს ორივე ბრალზე.

პირველი, თუ ვინმეს გაუგია, რომ საქართველოში გენერალურ დირექტორს იჭერენ ცუდი კონტრაქტის დადებისთვის, ხელი აწიეთ და დავდუმდები, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს კონტრაქტი ცუდიც არ იყო. „რუსთავი2“ მთელი ბოლო პერიოდი, ვინც მიჩივის, იმის ქმარი რომ იყო დირექტორი, დებდა ზუსტად ისეთ კონტრაქტებს, როგორიც ჩვენ დავდეთ 2015 წელს. სხვაგვარი კონტრაქტების დადება დაიწყო მხოლოდ ჩემ მიერ და ეს იყო ჩემი „ნოუ ჰაუ“, ამას ვამბობ ხაზგასმით. კონტრაქტი, რომელიც დაიდო 2015 წელს, იყო საგამონაკლისო, მხოლოდ ერთხელ დაიდო ისეთი კონტრაქი. რატომ? იმიტომ, რომ ფინანსურმა სამსახურებმა, ფინანურმა დირექტორმა გადაწყვიტეს, რომ ამგვარად რისკების დაზღვევა იქნებოდა სწორი. მოკლედ ავუხსნი მაყურებელს, ერთია, როცა ჩემს მიერ გამოგონილ კონტრაქტს ვდებ, რომელიც მიყვება მოგებას, მაგრამ რისკავ ან ბიუჯეტზე ნაკლებს შემოიტანენ, ან ბიუჯეტზე მეტს. მეორე ვარიანტია, როცა მოჭრილ თანხაზე დებ, მაგრამ შეიძლება იმ ფირმას, რომელთანაც კონტრაქტი გაქვს, მეტი შემოსავალი ჰქონდეს და დარჩეს. მოჭრილ თანხაზე დადებას აზრი აქვს იმიტომ, რომ გარანტირებულად, ბიუჯეტში რა თანხაც გაქვს გათვალისწინებული, იმას მიიღებ და ხელფასებსაც გასცემ. 2015 წელი ფინანსური სამსახურების და ფინანსური დირექტორის მიერ ჩაითვალა რისკების წლად და რისკების გადაზღვევის მიზნით, საჭირო დადგა ასეთი კონტრაქტის გაფორმების. ჩემ პასუხისმგებლობას რაც შეეხება, საერთოდ არ მესმის ეკონომიკური პროგნოზირება როგორ შეიძლება იყოს ჩემი პასუხისმგებლობა და ასევე არ მესმის, როგორ ვერ იგებს გინდა პროოკურატურა, გინდა „რუსთავი 2“-ის ახალი სამარცხვინო დირექტორი, რომ ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი მხოლოდ თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ყველა ფინანსური სამსახური და დირექტორი, იურიდიული სამსახური ხელს აწერენ კონტრაქტს, ხელმოწერა ავტომატურად ხდება დირექტორის მიერ, თუ როგორ გგონიათ, დირექტორმა ყველაფერი უნდა იცოდეს, მათ შორის, ფინანსური და ეკონომიკური პროგნოზირება. ეს კონტრაქტი იყო სწორი, იმიტომ რომ რისკების წელი იყო. შუა წლის განმავლობაში, პირადად მე, დავინახე რომ ეს რისკები, რომელიც ჩვენ გადავაზღვიეთ, პრინციპში, არ მოქმედებს ბაზარზე და დიდი შემოსავალი შეიძლებოდა დაგვეკარგა. აბა გამოციანით რა ვქენი მე? „ინტერმედიასთან“ მქონდა ძალიან მკაცრი მოლაპარაკება, შეიძლება ითქვას, რომ გამოვიყენე მათზე საბაზრო უპირატესობა და დავაბრუნებინე არა 7 მილიონი, არამედ, 9, შემდეგ წელს. ეს თანხა კი არ დაკარგულა, დავაბრუნებინეთ „ინტერმედიას“. რა საბაზრო უპირატესობა გამოვიყენე, ეს ცხადია, ვუთხარი, რომ შემდეგ წელს უბრალოდ კონტრაქტს არ დავუდებდი. სამართლებრივად ვერ მოვიგებდი ამ დავას, მაგრამ თანხა უკან დავაბრუნებინე“, - განაცხადა გვარამიამ.