თემურ ჭყონია „კოკა-კოლა“ ახალი ქარხნის გახსნისთვის ემზადება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა განუცხადა, ახალი ქარხანა დეკემბერში გაიხსნება.
მისივე ინფორმაციით, საწარმო თანამედროვე დანადგარებითა და მოდელით უნიკალური იქნება და მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, კომპანიას დამატებითი თანაშრომლებიც ესაჭიროება.
ცნობისთვის, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ქარხნის მშენებლობა მუხრანის ველზე 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო. საწარმოს საერთო ფართობი 18 000 კვ.მ-ია, სადაც სხვა ნაგებობებთან ერთად, კომპანიის ახალი სათაო ოფისიც (2 000 მ²) განთავსდება. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ქარხნის მშენებლობაზე უკვე 22 მლნ დოლარზე მეტი დაიხარჯა და ეს თანხა მუდმივად მზარდია.
„ჩვენივე გეგმით, თუ ხელი არაფერმა შეგვიშალა, 15 დეკემბერს უკვე წერეთლიდან (სადაც „კოკა-კოლას“ ძველი საწარმო მდებარეობს) გადაბარგებას დავასრულებთ,“ -აცხადებს ჭყონია.
როგორც „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი ამბობს, საწარმოში ვიზიტორთა ოთახებიც მოეწყობა, სადაც კომპანიის ისტორიისა და წარმოების გაცნობა იქნება შესაძლებელი. ბიზნესმენის თქმით, ამავე საწარმოში ჩამოისხმება წყალი და სამომავლოდ ნატურალური წვენებიც, თუმცა, ეს უკანასკნელი საკითხი ჯერ „კოკა-კოლას“ სათაო ოფისთან შესათანხმებელია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები საქართველოში. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის მთლიანი მოგება 2017 წელს 2016 წელთან შედარებით გაიზარდა.
კერძოდ, როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, 2017 წელს კომპანიის მთლიანი მოგება 42,569 მლნ ლარი; ხოლო 2016 წელს - 36,888 მლნ ლარი იყო. ამასთან, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ამონაგები 137,186 მლნ ლარი; 2016 წელს კი - 116,778 მლნ ლარი იყო.
ამასთან, როგორც ინდივიდუალური ანგარიშგებიდან ირკვევა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საკუთრებაში 183,971 მლნ ლარის აქტივები იყო.
ცნობისთვის, 1996 წლის 23 აპრილს კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის (შპს) კომპანიად დარეგისტრირდა. 2016 წლის 2 დეკემბერს კი განხორციელდა მისი რესტრუქტურიზაცია და სააქციო საზოგადოებად (სს) გარდაქმნა. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანია იყო 16 ინდივიდუალური აქციონერის საკუთრება. კომპანიის ძირითადი აქციონერი (87.47%) და საკონტროლო პაკეტის მფლობელი არის თემურ ჭყონია. ხოლო დანარჩენ აქციებს კომპანიის თანამშრომლები (8.04%) და სხვა პირები ფლობენ.
რაც შეეხება ძირითად საქმიანობას, კომპანიის საქმიანობა მოიცავს კოკა-კოლას ბრენდის პროდუქციის წარმოებასა და ბოთლებში ჩამოსხმას საქართველოში სადისტრიუციოდ და გასაყიდად. ის ფლობს და ამუშავებს ასევე სასტუმროს „ჯორჯიან პალას ჰოტელს“ ქობულეთში.