2018 წელს საქართველოში ავტოპარკი 5,1%-ით გაიზარდა და 1 321 569 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, მთლიანი ავტოპარკის 62% მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, 20,20% - მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილზე, 7,7% - სატვირთოზე, 4% - სამგზავროზე, 2,33% - სასოფლო-სამეურნეოზე, 1,78 მისაბმელიან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, 0,94% სპეციალიზებულზე, 0,68% - მოტოციკლეტებზე და მხოლოდ 0,4% მოდის სპეცტექნიკაზე.
ამასთან, 2018 წლის მონაცემებით, რეგისტრირებული ავტომობილების 45,5% 20 წელზე მეტი ასაკისაა - ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის ანგარიშში. ამასთან 4-6 წლის ასაკის სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მთლიანი ავტოპარკის 3,9%-ს შეადგენს, 4 წლამდე ასაკის კი 1,9%-ს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელთან შედარებით, შარშან 36%-ით გაიზარდა 4-6 წლის ასაკის სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის 82% მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილები შეადგენს, რომელთა უმრავლესობა 30% - რუხი/ვერცხლისფერია, 17% კი თეთრი ფერის.
რაც შეეხება პოპულარულ მოდელებს, შსს-ს მონაცემებით, 2018 წელს პირველ ადგილზე ისევ Opel Astra მოხვდა, სულ 56 302 ავტომობილით, შემდეგია - Mercedes-benz E 51 532 ერთეულით, მესამეზე - Mercedes-benz C - 43 641 ერთეულით, მეოთხეზე Opel Vectra - 39 923 მანქანით და მეხუთეზე Toyota Prius - 28 639 ერთეული ავტომობილით.