რუსეთის კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო „როსკომნადზორი“ Google-ს მოუწოდებს, YouTube-ის ვიდეოპლატფორმის საშუალებით „უკანონო მასობრივი ღონისძიებების“ რეკლამირება შეწყვიტოს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„როსკომნადზორმა“ აღნიშნული გაფრთხილება მას შემდეგ გამოსცა, რაც შაბათს მოსკოვში გამართული მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია YouTube-ის რამდენიმე არხმა პირდაპირ ეთერში გადმოსცა.
რუსეთის კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო აცხადებს, რომ თუკი Google-ი მათ მოთხოვნას არ შეასრულებს, ეს განიხილება, როგორც „საშინაო საქმეებში ჩარევა“ და „მტრული ზეგავლენა რუსეთის დემოკრატიულ არჩევნებზე და მისთვის დაბრკოლების შექმნა.“
„როსკომნადზორი“ იმუქრება, რომ თუკი კომპანია საკუთარი პლატფორმების საშუალებით უკანონო ღონისძიებების წახალისების შეწყვეტისთვის შესაბამის ღონისძიებებს არ განახორციელებს, „რუსეთი იტოვებს უფლებას მას ადეკვატური პასუხი გასცეს.“
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ბოლოს რუსეთმა Google-ი 500,000 რუბლით (7,663 აშშ დოლარი) იმის გამო დააჯარიმა, რომ კომპანიამ საკუთარი საძიებო სისტემიდან ზოგიერთი შესასვლელი არ ამოშალა. იმავე წელს Google-მა YouTube-დან ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის რეკლამაც ამოიღო, ვინაიდან ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვიდეოები კანონის დარღვევად ჩათვალეს.