„რუსთავი 2"- ის ერთ- ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე, ია კიწმარიშვილი არ გამორიცხავს, რომ დავის დასრულებამდე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ყადაღის დადება მოითხოვოს და წილების გასხვისება შეაჩეროს. ამის შესახებ ია კიწმარიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მას ტელეკომპანიის 30-პროცენტიანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეაქვს.
როგორც კიწმარიშვილმა აღნიშნა, ის მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს.
„დღეს მე აქ ვარ სწორედ იმიტომ, რომ გახდა ჩემთვის ინფორმაცია ცნობილი „რუსთავი 2“-ის გაყიდვასთან დაკავშირებით. მე როდესაც გავაჟღერე ეს საინფორმაციო საშუალებებში, მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა ეს ბატონმა ქიბარმა. დიახ, ის გეგმავს ტელევიზია გაასხვისოს. კიდევ ერთხელ მინდა თქვენი მეშვეობით მოვუწოდო პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკავონ სადავო ქონების ყიდვისგან, რადგან ამ საქმეს ვაპირებ ბოლომდე მივყვე, იქნება ეს საქართველო თუ სტრასბურგი, მე ჩემს ამოცანას ბოლომდე შევასრულებ",- განაცხადა კიწმარიშვილმა.
კითხვაზე, დავის დასრულებამდე მოითხოვს თუ არა ის რაიმე სახის უზრუნველყოფას, რათა წილები არ გასხვისდეს, კიწმარიშვილმა განაცხადა: „ვნახოთ, რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ“.
„ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოყენებას ვაპირებ,"- განაცხადა კიწმარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ქიბარ ხალვაში ტელევიზიას ყიდის.