6 თვეში სახელმწიფოს საშინაო ვალი 235 მლნ ლარით გაიზარდა

2019 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის ნაშთი 3 439 279 000 ლარს შეადგენს, რაც 235,4 მლნ ლარით მეტია იანვრის მონაცემთან შედარებით.

2019 წლის იანვარში სახელმწიფოს შიდა ვალი 3 203 876 000 ლარს შეადგენდა. ივლისის მდგომარეობით სახაზინო ფასიანი ქაღალდების ვალის ნაშთი 3 024 488 600 ლარს შეადგენს, სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების - 410846 000 ლარს.

ცნობისათვის, საშინაო სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი გამოსახულია ეროვნული ვალუტით. იგი წარმოადგენს იმ ძირითადი თანხების ერთობლიობას, რომლებიც წარმოიქმნება სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით.

საშინაო სახელმწიფო ვალის ფორმებია: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს მიერ ეროვნული ბანკიდან და რეზიდენტი საკრედიტო დაწესებულებიდან აღებული კრედიტი, სხვა სავალო ვალდებულებები.