ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას უკვე მოძებნილი ეყოლება პირი, ვინც „რუსთავი 2“-ს იყიდის

ვფიქრობ, რომ „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელი ზოგადი თვალთახედვით ნეიტრალური, თუმცა აუცილებლად ხელისუფლებასთან აფილირებული პირი იქნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, „რუსთავი 2”-ის ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში ყოფნა იქნებოდა მუდმივი დავის საგანი და დადანაშაულება ხალვაშისა, რომ მან ტელევიზია ძალით წაიღო და ხელისუფლების დახმარებით მიისაკუთრა, “გარდა ამისა, პრობლემა იყო აქიმიძე და დვალი. გაყიდვით კი ყველა ამ პრობლემას თავიდან მოიშორებს და მოიშორებს არამარტო ფინანსურ პრობლემებს, არამედ კიდევ ბევრ სხვა პრობლემას, რომელიც „რუსთავი 2-ს“ უკავშირდება“.

„დარწმუნებული ვარ, რომ სამაუწყებლო კომპანიის ახალი მფლობელი ხელისუფლებასთან აფილირებული იქნება, თუმცა ვფიქრობ, რომ ღია კავშირები ხელისუფლებასთან მას არ ექნება. ზოგადი თვალთახედვით გამოვა, რომ ეს იქნება ნეიტრალური პირი, მაგრამ რეალურად დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების გავლენის ქვეშ იქნება მოქცეული.

თუ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი იყიდის ტელეკომპანიას, ეს ჩემთვის კიდევ ერთი მოულოდნელობა იქნება. რატომ ან რაში უნდა დასჭირდეს ბიძინა ივანიშვილს ასეთი ტელევიზიის ყიდვა? ლოგიკურად რაში უნდა წაადგეს? თუ მივყვებით იმ ლოგიკას, რომ ეს იყო გაწერილი სცენარი, შესაბამისად, მათ მოძებნილიც ეყოლებათ ისეთი პირი, ვინც „რუსთავი 2“-ს იყიდის. ახალი მეპატრონე იქნება თავისუფალი ყველა ვალდებულებისაგან და მას ვერ ეტყვი, რომ იყიდა ტელევიზია იმისთვის, რომ ოპოზიციური აზრი ჩაახშოს. თუ ბიძინა ივანიშვილი იყიდის არხს, გამოდის, რომ ის პირდაპირვე სახელისუფლებო ხდება და „ქართული ოცნება“ ამით რას მოიგებს? თვალსაჩინოება არ უნდა მათ და, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამიტომაც არ იყიდის“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგის თქმით, თუ ოპოზიასთან დაკავშირებულმა პირმა უფრო მეტი გადაიხადა და ხალვაშმა მაინც ნეიტრალურ ან ხელისუფლებასთან აფილირებულ პირს მიჰყიდა ტელეკომპანია, მათ მთელი ეს სქემა ჩაუვარდებათ.

„რაც შეეხება ოპოზიციურად განწყობილ შესაძლო მყიდველს, თუ ოპოზიციურად განწყობილი მყიდველი მეტს შესთავაზებს, ვიდრე ნეიტრალური ან სახელისუფლებო ფიგურა და მაინც მათ მიყიდის, გამოდის, რომ მთელი ეს სქემა ჩავარდა, რადგან გამოვა, რომ კი არ გაყიდა მან, არამედ ხელისუფლებას მისცა. მთავარი მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ქიბარი იშორებს „რუსთავი 2“-ს, რადგან მისადმი იქნებოდა მუდმივი პრეტენზიები და მისადმი იქნებოდა მუდმივი პროტესტი. შესაძლოა, კომპანია ფინანსურად არ იყოს წამგებიანი, მაგრამ ყველა წუთში, მინიმუმ 2020 წლის არჩევნებამდე ეს იქნებოდა მისადმი და ხელისუფლებისადმი მუდმივი თავის ტკივილი. ამიტომ მოიძებნა გამოსავალი, რომ გაიყიდოს ტელეკომპანია, ახალ მფლობელს კი, რომელიც იქნება თავისუფალი ყოველგვარი ვალდებულებისაგან, ვერავინ და ვერაფერს ვერ მოსთხოვს. მოგება კი ის იქნება, რომ ოპოზიციური ტელევიზია გაჩერდება, მაგრამ პირდაპირი სამხილი, რომ ეს ხელისუფლებამ გააკეთა, არ იქნება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ქიბარ ხალვაში ტელევიზიას ყიდის.