პაატა სალია ია კიწმარიშვილის განცხადებაზე - თუ მოხდება წილების დაყადაღება, მაშინ „რუსთავი 2“ ვერ გასხვისდება

თუ მოხდება წილების დაყადაღება, მაშინ კომპანია ვერ გასხვისდება, - ამის შესახებ „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ იაკიწმარიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, კიწმარიშვილი არ გამორიცხავს, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ყადაღის დადება მოითხოვოს და წილების გასხვისება შეაჩეროს.

პაატა სალიას თქმით, მათ უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად.

„თუ მოთხოვნა ყადაღის თაობაზე დაკმაყოფილდება, შესაბამისად, რა თქმა უნდა იქნება შემაფერხებელი ფაქტორი. მეც მედიის საშუალებით გავიგე, რომ მან მიმართა სასამართლოს. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ მოხდება წილების დაყადაღება, მაშინ კომპანია ვერ გასხვისდება. მე მოვისმინე დვალისა და აქიმიძის განცხადება, ასევე კიწმარიშვილის განცხადებაც, რომ ისინი საჯაროდ აცხადებენ, რომ დავას აგრძელებენ ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით და ამით ამცნობენ ნებისმიერ პოტენციურ მყიდველს, რომ ის ვერ გახდება კეთილსინდისიერი შემძენი. ეს მათი უფლებაა, ჩვენ მათ ამას ვერ დავუშლით, მათ ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ უფლება მიმართონ სასამართლოს და დაიცვან უფლებები“,-აცხადებს სალია.

ცნობისთვის, „რუსთავი 2"- ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

ია კიწმარიშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ დავის დასრულებამდე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ყადაღის დადება მოითხოვოს და წილების გასხვისება შეაჩეროს.