საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობმომპოვებელი კომპანია Saudi Aramco მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ყიდულობს. ამის შესახებ სტატიას Bloomberg აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი Jamnagar, რომლის შეძენასაც Saudi Aramco აპირებს, ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და დღესდღეობით მსოფლიოში არსებული ნავთობის აქციების 20%-ს ფლობს. კომპლექსი 75 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.
დღესდღეობით მას კომპანია Reliance Industries ფლობს და ყოველდღიურად 1.2 მილიონ ბარელ საწვავს გადაამუშავებს. საუდის არაბეთს კი ქარხნის შეძენის შემდეგ 2030 წლისთვის დღეში 10 მილიონ ბარელი საწვავის გადამუშავება აქვს დაგეგმილი.
კომპანია Reliance Industries-ის 42-ე ყოველწლიური შეხვედრისას მისმა ამჟამინდელმა თავმჯდომარემ და აზიაში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ამბანი მუკეშმა, კომპანიის მომავალი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ Saudi Aramco-ს მიერ ქარხნის შეძენა ინდოეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ფინანსური ინვესტიცია იქნება.
შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით Saudi Aramco მსოფლიოში გაზისა და ნავთობის მომპოვებელ ყველაზე დიდ კომპანიას წარმოადგენს, სადაც 76 000 ადამიანი მუშაობს.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა