25- წლიანი დიდი ტელეკომპანიის დიდი ისტორია დასრულდა, - ამ განცხადებით „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კომპანიის გაყიდვის თაობაზე ქიბარ ხალვაშის განცხადებას გამოეხმაურა.
გვარამიამ ხალვაშისა და პაატა სალიას ბრალდებებს „რუსთავი 2-ის“ ეთერში უპასუხა და როგორც განაცხადა, ბრალდება იმის შესახებ, რომ მისი გენერალური დირექტორობის დროს 70 მილიონამდე დავალიანება დაგროვდა, სიმართლეს არ შეესაბამება. გვარამიას თქმით, მას 30 მილიონამდე ვალი დახვდა.
„ეს არის ე.წ. დაკიდებული ვალები. პაატა სალია საერთოდ არაფრის მცოდნე არ არის ქვეყნის ზურგზე - არის ერთი საშუალო ხარისხის კლერკი იურისტი. არც მაგის კარგი ადვოკატობა გაუგია ვინმეს, არც რამე გამოჩენილი გაუკეთებია ცხოვრებაში. ვინ არის?! - არავინ! გარდა იმისა, რომ იმ 36-კბილიანს დაყვება ხოლმე. ამ 70 მილიონიდან 30 არის ე.წ. დაკიდებული ვალები, რომელიც პრაქტიკულად არის მკვდარი სესხები ან ჩასხმები პარტნიორთა ვალებად გაფორმებული. ეს დამხვდა მე, არც მიმიქცევია ყურადღება, მეტი საქმე არ მქონდა, მომაკვდავ კომპანიაში, დაკიდებულ ძველ ვალებს ვუყურებდე. ამ დაკიდებული ვალების ზემოთ არის 25 მილიონი საგადასახადო დავალიანება, დიახ, ყადაღით მიყენებული ზიანია ესეც მათ შორის“, - განაცხადა გვარამიამ.
გვარამიამ პაატა სალიას სამარცხვინო დირექტორი უწოდა. მისი აზრით, სალიას ხელში კომპანია გაიყიდება და კორპუსების სამშენებლო პოლიგონი გახდება.
„ეს ჩვარი რომ “რუსთავი 2“-ის ბოლო დირექტორია, ეს არის სამარცხვინო, კატასტროფა, რომელიც სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოგვიწყო, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს“, - განაცხადა გვარამიამ.