20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები საქართველოს ავიაბაზარზეც აისახა - თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამურად 10 პროცენტიანი კლება აღინიშნება,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა 2019 წლის ივლისში საქართველოს აეროპორტების მიერ გადაყვანილი მგზავრთნაკადის სტატისტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კლების ნაცვლად, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის 9-10 პროცენტით გაზრდა იყო გათვლილი.
„ივლისში მგზავრთანაკადის ჯამურ მაჩვენებელს ამ ორ აეროპორტში უნდა მიეღწია 590 ათასისთვის, რის ნაცვლადაც მივიღეთ მხოლოდ 485 ათასი მგზავრი. მხოლოდ ივლისში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს 105 ათასი მგზავრი დააკლდა,“ - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.
საღირაშვილის თქმით, წინა ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირდა მგზავრთნაკადის ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა. 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით (იანვარი-ივნისი), საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 2,487,575 მგზავრს მოემსახურა, რაც 18 % ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს - 2018 წელს 2,103,126 მგზავრი.
შესაბამისად, 2019 წლის ჯამში 7 თვის ნაცვლად 18%-იანი ზრდის შენარჩუნებისა, ზრდის მაჩვენებელი დაეცა 12 პროცენტამდე და ეს ტრენდი დაღმავალია.
აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.