"მხოლოდ ივლისში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს 105 ათასი მგზავრი დააკლდა. აგვისტოში დიდი ალბათობით ტურიზმის მონაცემები ივლისის მსგავსი იქნება",-ამის შესახებ "აფბას" ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"მთელი კვირაა, ვისმენთ ნეგატიურ სტატისტიკას - ჯერ ტურიზმიდან, დღეს უკვე ავიაციიდან. 20 ივნისის მოვლენების შედეგებს ვიმკით, რომელმაც აღნიშნულ სექტორებში ბოლო დროს დამკვიდრებული ზრდის დინამიკა შეცვალა. ივლისში ნაკლები იყო რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასევე ნაკლები იყო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან მგზავრთნაკადი 2018 წლის შესაბამისი მაჩვენებლის მიმართ. რუსეთთან ფრენების შეჩერებამდე საქართველოს ამ ორ საერთაშორისო აეროპორტში რუსეთიდან 153 რეისი სრულდებოდა ყოველკვირეულად. სტატისტიკის თანახმად, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაქვეყნა, მხოლოდ ივლისში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს 105 ათასი მგზავრი დააკლდა. აგვისტოში დიდი ალბათობით ტურიზმის მონაცემები ივლისის მსგავსი იქნება",- წერს პაატა ბაირახტარი.