2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 968.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.6 პროცენტით ნაკლებია.
აქედან ექსპორტი 1 775.4 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტი 4 192.9 მლნ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა.
კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის რუსეთი მეორე ადგილზე იმყოფებოდა, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ საანგარიშო პერიოდში 677.8 მლნ დოლარი შეადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით რუსეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი იყო - ფეროშენადნობები, რომლის ექსპორტმაც 77 324 500 დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 58 765 300 დოლარით; მე-3 ადგილზე კი 30 720 800 დოლარით მინერალური და მტკნარი წყლებია; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი და სპირტიანი სასმელები იკავებენ, შესაბამისად, 19 020.100 და 13 978 900 დოლარით.
რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. კერძოდ, გასულ თვეებში საქართველოში რუსეთიდან 89 252 200 დოლარის ღირებულების აღნიშნული პროდუქტი შემოვიდა. მე-2 ადგილზეა - ხორბალი და მესლინი, რომლის იმპორტმაც 31 272.100 დოლარი შეადგინა; მას კი 16 538 400 დოლარით ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი მოსდევს. რუსეთიდან საიმპორტო პროდუქტების ტოპ ხუთეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს ქვანახშირი, მიღებული ქვანახშირისაგან მყარი საწვავის სახეობები მზესუმზირის ზეთი ინაწილებენ, შესაბამისად, 15 112.700 და 13 554.000 დოლარით.